საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მომხრეა ერთა ლიგის ნახევარფინალი, სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუსის გუნდს უნდა დაუპირისპირდეს, ბათუმის სტადიონზე ჩატარდეს. მისი თქმით, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ლევან კობიაშვილმა აღნიშნული საკითხის შესახებ სოციალურ ქსელში, პირდაპირი ჩართვის დროს, ერთ-ერთი გულშემატკივრის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქომაგმა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს ჰკითხა: ხომ არ აპირებს ფედერაცია ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩის ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარებას?
"სიმართლე გითხრათ, ჩემს ჯგუფთან ერთად ვფიქრობ ამაზე. რამდენიმე დღის წინ, ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ ბათუმში ჩასულები, ასევე უეფას წარმომადგენლებიც, ნახეს ეს სტადიონი, შეამოწმეს, საკმაოდ პოზიტიური შეფასება მიიღო ზოგადად ამ მშენებლობამ. რა მდგომარეობაშიც არის და რაც გაკეთდა. თამაშის ჩატარება ბათუმში რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, პირველი რომ დასრულდეს სტადიონის მშენებლობა, მარტისთვის სტადიონი იქნება მზად. სანამ ოფიციალური მატჩები ჩატარდება ტესტს თამაშებია გასამართი, ღონისძიებებია გასატარებელი უსაფრთხოების კუთხით. შესაბამისად ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და გადაჭრით ვერ ვიტყვით ზუსტ პასუხს. .
არ დავმალავ და ვიტყვი ჩემს გულახდილ პოზიციას, ძალიან მომხრე ვარ და გამიხარდება თუ ერთა ლიგის ნახევარფინალი ჩატარდება იმ არაჩვეულებრივ სტადიონზე, რომელიც ბათუმს შეემატება,'' - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა 2020 წლის თებერვალში იგეგმება. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ამავე წლის მარტში, ბელარუსის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ჩაატარებს.