გაიცემა თუ არა პარკში ღია კაფეზე ნებართვა? - ამხანაგობის თავმჯდომარის ბიზნესი და მეზობლების პროტესტი

04 ნოემბერი 2019, 15:18 4072 ნახვა

ბათუმში, ვალენბერიგის #4 კორპუსის ეზოში, სადაც ბავშვთა გასართობი სივრცე და პარკია, ამ კორპუსშივე მცხოვრებ მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილში კაფე აქვს მოწყობილი, სადაც ნაყინები, ტკბილეული და ყავა იყიდება. სახლი ძველ ბათუმში, მეჩეთთან ახლოს დგას და საკმაოდ ხალხმრავალია.

კაფედ​ გადაკეთებული ავტომობილი, პარკინგის ნაწილში დგას, რომელიც პარკში შესასვლელ ერთ ბილიკს ხერგავს, პარკის ნაწილი კი მაგიდებსა და სკამებს აქვს ათვისებული. კორპუსის მაცხოვრებლების ნაწილი, ეზოში პარკის ნაწილის გამოყენებას აპროტესტებენ.

ამბობენ, რომ 5 წელია საბავშვო ატრაქციონების გვერდით კაფეა განთავსებული, რომელიც პარკში შესასვლელ ერთ ნაწილს კეტავს. ჭურჭლის გასარეცხად, მანქანის ქვეშ თავმოხდილი საკანალიზაციო ჭიდან ამოსული სუნი კი, ანტისანიტარიას ქმნის ეზოში და საბავშვო ატრაქციონებთან. ვალენბერგის #4 მცხოვრები ერთ-ერთი მეზობელი, ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ მერიას საჩივრით რამდენჯერმე მიმართა. მიაჩნია, რომ ამ ფორმით ეზოს გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, მით უფრო რომ ჩახერგილია საფეხმავლო ბილიკიც.

ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ კაფის მფლობელი მისი სტატუსით და ნაცნობებით სარგებლობს

"დიდი ხანია ვიბრძვით იმისთვის, რომ კაფე არ იყოს. ბილიკი აქვს ჩაკეტილი, ანტისანიტარიად აქცია ძველ ბათუმში პატარა სკვერი. 5 წელია ამ კაფეს ამუშავებს, ამხანაგობის ნაწილი კი ვაპროტესტებთ იმას, რომ პარკის ნაწილზე მაგიდები და სკამები აწყვია, სადაც ბალახი ბუნებრივია გადაითელა, საბავშვო პარკში შესასვლელი ერთი ნაწილი ჩახერგა, ხოლო კანალიზაციის ჭა ღია მდგომარეობაში აქვს.  ამ ჭას ვერ დაინახავთ, რადგან მანქანის ქვემოთ არის მოთავსებული. ჯერ კიდევ მაისში მივწერეთ მერიას, შემდეგ სექტემბერშიც, რადგან ნებართვის ვადა გავიდა და ახალი ნებართვის გაცემას აპირებენ" - გვწერს ირაკლი ბერიძე.

ბათუმის მერიაში ადასტურებენ, რომ ვალენბერგის #4 ღია ვაჭრობის კატეგორიაში გასული კაფის ფუნქციონირებაზე ნებართვაა შესულია. ბათუმის მერიის ქონებისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე ამბობს, ნებართვის გაცემა არ გაცემის საკითხზე ახლა მუშაობენ. აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ მისთვის ცნობილია მოქალაქეების ნაწილის პრეტენზიები და აუცილებლად, კვირის ბოლომდე შეისწავლიან ვითარებას და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას.  თუ ბილიკი ჩახერგილია, ამ მიმართულებითაც გადაამოწმებენ ობიექტს. 

"ჩვენი განწყობა ასეთია, თუ გარევაჭრობა მიუღებელია საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის და მათი არგუმენტები მყარია, მაშინ ბუნებრივია მასზე არ გავცემთ ნებართვას. გარევაჭრობა უნდა იყოს ხელსაყრელი ადამიანებისთვის, მით უფრო ვინც იქ ცხოვრობს. ესაა ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება, რაც შეეხება ამ კონრეტულ ფაქტს, ამ გარევაჭრობის ობიექტს გასული აქვს ვადა, შემოვიდა ნებართვის განახლებაზე განაცხადი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იქ მაცხოვრებლების რაღაც კატეგორიას მოწონს, რაღაც კატეგორიას არ მოსწონს. შემოვიდა წერილობითი საჩივრებიც, ჩვენ შევამოწმებთ და შევისწავლით მოქალაქეების პრეტენზიებსაც და მომხრეების არგუმენტებსაც," - გვითხრა დავით კოპინაძემ. ​

მერიაში ამბობენ, რომ ეს ისეთ საკითხია, სადაც არ აქვს მნიშვნელობა პროცენტულად რამდენი უჭერს მხარს და რამდენი არა. დავით კოპინაძე ამტკიცებს, რომ თუნდაც ერთი მოქალაქის პოზიცია არგუმენტირებული და მისაღები, მას გაითვალისწინებენ.

ნებართვის გაცემა არ გაცემის საკითხი, კვირის ბოლომდე გადაწყდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი