დეპუტატი მორალური ზიანის გამო, აჭარის მაუწყებელს ბოდიშის მოხდას დაუყოვნებლივ სთხოვს 

25 ოქტომბერი 2019, 18:31 2242 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აჭარის ტელევიზიისგან დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდას ითხოვს.  "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, მერაბ ბლადაძემ მოთხოვნა წერილობით გამოაგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ  18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მაუწყებელმა მის შესახებ მომზადდა უკიდურესად შეურაცხყოფილია.

მერაბ ბლადაძემ, 17 ოქტომბერს, გადაცემა "სათქმელში" თქვა: „რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს სამიათას ლარ ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? ასეთი უვიცები არიან ადგილობრივები?“...

მასალის მომზადების დროს, საინფორმაციო გამოშვების ტიტრზე კი ეწერა: "ადგილობირვები არ გვყავს, ჩამოსულებს რომ ვასაქმებთ?" 

არაზუსტი ფრაზის გამო, მაუწყებელმა შესწორება დაუყოვნებლივ გააკეთა და ვებ-გვერდზე  გაავრცელა - შესწორება: „მთავარის“ ეთერში მერაბ ბლადაძის განცხადების შესახებ მომზადებულ მასალაში  (სათაურში და სიუჟეტის წარდგენაში) სიტყვა „ჩამოსული“ წარმოჩინდა რესპონდენტის ციტირებად.

გასწორების მიუხედავად, მერაბ ბლადაძემ  22 ოქტომბერს წერილი გამოგზავნა, სადაც წერს, რომ შეურაცხყოფილია და მას მორალური ზიანი მიადგა. 

"მთელი დღის განმავლობაში, გადაიცემოდა ჩემი სიტყვები ჟურნალისტების თანდართული ინტერპრეტაციით. უფრო სწორად, მათ მიერვე გამოგონილი სიტყვებით. რამაც აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ნათქვამის აზრი და საზოგადოებას ჩამოუყალიბა მცდარი შეხედულება, ბატონი ზვიად ქორიძის მიმართ ჩემი დამოკიდებულების შესახებ. 

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიამ, ოფიციალურად აღიარა აღნიშნული ფაქტი, მას ჩემთვის საჯარო ბოდიში არ მოუხდია. 

ყოველივე ზემოაღნიშნული მაყენებს დიდ მორალურ ზიანს და მიწევს სიტყვიერი განმარტებები გავაკეთო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, უაღრესად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და მოვითხოვ, დაუყოვნებლივ, თქვენივე ტელევიზიის მეშვეობით, საჯაროდ გააკეთოთ სათანადო განმარტება და მოიხადოთ ბოდიში შექმნილ ფაქტთან დაკავშირებით" - წერს ბლადაძე. 

მაუწყებლის დირექციამ, დეპუტატს მისწერა, რომ დაშვებული უზუსტობა, რომელიც სიტყვა "ჩამოსულებს" ეხებოდა დაუყოვნებლივ შესწორდა, რაც შეეხება ბოდიშს - "მაუწყებლის შესახებ კანონი, ჯეროვანი სიზუსტის დაუცველობის შემთხვევაში, არ ითვალისწინებს ბოდიშის მოხდას". 

"მაუწყებელი იღებს შესაბამის ზომებს გამოშვებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად ასწორებს შეცდომებს. შესაბამისად, თქვენი განცხადების შესახებ მოხდა დაუყოვნებლივი, ნებაყოფლობითი შესწორება" - წერია მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის საპასუხო წერილში.

ასევე მაუწყებელი დეპუტატს თვითრეგულაციის მექანიზმის გამოყენებას სთავაზობს: "თუ მიიჩნევთ, რომ საინფორმაციო გამოშვებაში მცდარი ფაქტი გავრცელდა და მაუწყებლის შესწორება არ არის თავდაპირველად გაკეთებული განცხადების თანაზომადი, შეგიძლიათ მიმართოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს, შეიქმნება სპეციალური კომისია და შეისწავლიან თქვენს განცხადებას. შესაბამისად, გთხოვთ დააზუსტოთ თქვენი მოთხოვნა" - წერს ზოიძე დეპუტატს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი