ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება.
მომჩივანი დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს.
საჩივარში წერია, რომ მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი.“ ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს. აღნიშნულის გამო, 2015 წელს მომჩივანმა ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შემდგომ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა და მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლა მოითხოვა. თუმცა აღნიშნულმა ორგანოებმა უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. მომჩივანმა ადმინისტრაციული ორგანოების უარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაასაჩივრა.
ეროვნულმა სასამართლოებმა ნიკოლო ღვინიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ პირს სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა მის ნამდვილ სქესთან. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მომჩივანს არ განუხორციელებია სქესის ცვლილება ქირურგიული ჩარევის გზით, მისი სქესის ჩანაწერი შეესაბამებოდა მის ბიოლოგიურ მდგომარეობას.
ევროსასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.