რუსულ ავიაკომპანიაზე ქუთაისში ფრენის უფლება გაიცა - მოიხსნა თუ არა რუსული ტურისტული ემბარგო?

17 ოქტომბერი 2019, 00:26 3077 ნახვა

16 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის როსავიაციის ვებ-გვერდზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, რუსულ ავიაკომპანია S7 -ს უფლება​ მიეცა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით იფრინოს.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგო, რომელიც საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვას გულისხმობდა მოიხსნა. 

მოგვიანებით, „როსავიაციაში“ განმარტეს, რომ ქუთაისში ფრენების განახორციელების ნებართვა კომპანიამ იმის მიუხედავად მიიღო, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია. ნებართვა წინმსწრებად გაიცემა და ფრენებს კომპანია მაშინ განახორციელებს, როცა ეს აკრძალვა მოიხსნება. 

„წვდომა - ეს კომპანიის უფლებაა, როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“  ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, - უთხრეს რია ნოვოსტის „როსავიაციაში“.

25 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის ფრენებს საქართველოსთან აღადგენდა.

“მე ამ ფრენებს, ალბათ, აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნებოდა სწორი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ გამოხტომების კონტრპროდუქტიული ხასიათი, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ჰქონდა ადგილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს”, – განაცხადა ლავროვმა კომერსანტთან ინტერვიუში.

რუსეთმა საქართველოში ფრენები ანტისაოკუპაციო აქციებისა და "გავრილოვის ღამის" შემდეგ აკრძალა იმ მოტივით, რომ საქართველოში რუსი ტურისტებისთვის საფრთხის შემცველი იყო მოგზაურობა. ფრენები 8 ივლისს შეწყდა. 

ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, წინა წელთან შედარებით გაიზარდა. რუსული ტურისტული ემბარგოს ფონზე კი, რუსი ტურისტების რიცხვი მხოლოდ 6 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა, უფრო მეტიც, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რაც უფრო მალე აღდგება ფრენები მით უკეთესი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში