საქართველოში 63 000 ადამიანს ხელფასი 200 ლარზე ნაკლები აქვს - პროფკავშირები

08 ოქტომბერი 2019, 13:02 4836 ნახვა

საქართველოში 23 000 ადამიანს 100 ლარიანი ხელფასი აქვს, 63 000 ადამიანს კი, 200 ლარზე ნაკლები - მონაცემები პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საზოგადოებას დღეს გააცნო. ირაკლი პეტრიაშვილმა თქვა,  რომ ბოლო წლებში მინიმალური ხელფასის ზრდა არ მომხდარა და ის ძალიან დაბალია. მისი განმარტებით, საშუალო ხელფასი 1200 ლარამდეა. მინიმალური კი, დაახლოებით, 327 ლარი უნდა იყოს.

''სიცოცხლის უზრუნველყოფა გახლავთ სახელმწიფოს ფუნქცია. 130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, ანუ რაც ადამიანს სჭირდება თვიდან თვემდე რომ იცოცხლოს, ამაზე ნაკლები ხელფასი. დათვლის მეთოდი არასწორია. მინიმალური ხელფასი საშუალო ანაზღაურების 30 პროცენტს უნდა შეადგენდეს, თუ ასე არ ითვლიან. მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში 111 ადგილზეა, ევროპაში კი ბოლოზე'' - ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე. 

შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ არეგულირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ხარვეზი გამოსასწორებელია.

''შრომის კოდექსში ცვლილებაზე მიდის მუშაობა, რომლის მიზანი თანაბარი ანაზღაურებაა - თანაბარი შრომისათვის ქალებსა და მამაკაცებზე. ორგანული კანონი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ არეგულირებს. არის საჭიროება, რომ ეს საკითხი ცალკე დარეგულირდეს - ამბობს თამარ ბარკალაია.

პროფკავშირებს არ ეთანხმება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. შალვა ცხაკაიას თქმით, მინიმალური ხელფასის დაწესება პრობლემას ვერ გადაჭრის, პირიქით პრობლემას შეუქმნის თვითმმართველობებში დასაქმებულებს. მერიას ან თანხების მოძიება მოუწევს, ან თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება. 

''საჯაროს სექტორში დასაქმებულებს დღეს იმაზე ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე კონფერენციაზე გახმოვანებული ციფრებია. ამიტომ ვფიქრობ მინიმალური ზღვარის დაწესების შემთხვევაში ეს პრობლემა ისევ საჯარო სექტორს დააწვება. ბიუჯეტს გამოუწევს ხარჯის გაზრდა იმისთვის, რომ მინიმალური ზღვარი დააკმაყოფილოს. წარმოიდგინეთ თვითმმართველობის შემთხვევაში, სადაც საკრებულოს წევრებსაც არ აქვს ხელფასი. თუ კი დადგინდება მინიმალური ხელფასი თვითმმართველობებს ამ ზღვარის შესავსებად ან  ან თანხების მოძიება ან თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება მოუწევთ. შესაბამისად, ეს შეიძლება დასაქმებულების პრობლემაც გახდეს'' - განაცხადა შალვა ცხაკაიამ. 

საქართველოში მინიმალური ხელფასი ბოლოს 1999 წელს დაითვალეს და ის თვეში 20 ლარი იყო.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში