2019 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია გიორგი ჭაუჭიძე

05 ოქტომბერი 2019, 21:06 1781 ნახვა

2019 წლის “მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს” გამარჯვებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი - გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, გამარჯვებულმა პედაგოგმა განათლების მინისტრს მარნეულის სკოლისთვის სტადიონის გაკეთება სთხოვა და პირობაც მიიღო.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად, ფინალში 5 პედაგოგი იყო დასახელებული, დღეს კი, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ჯილდოს მფლობელი საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ფინალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგი პედაგოგები მოხვდნენ:

თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ქეთინო მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;

ფინალისტები და ათეულის წევრები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან 5 ფინალისტი სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა 18 კაციანმა ჟიურიმ შეარჩია.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია. The Global Teacher Prize-ს წარმომადგენელი დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო და პედაგოგებს სიტყვითაც მიმართა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში