როგორ გავარჩიოთ გაციების და გრიპის სიმპტომები ერთმანეთისგან 

02 ოქტომბერი 2019, 15:39 20573 ნახვა

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთების სეზონი დაიწყო. გრიპის ვირუსის პიკი კი, ზოგადად უფრო დეკემბერსა და იანვარში ფიქსირდება. აცრების შემდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად ორგანიზმს დრო სჭირდება. ამიტომ მედიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისია. 

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება? ადამიანებს მსგავსი სიმპტომატიკის გამო, ისინი ხშირად ერთმანეთში ერევათ, მაგრამ ექიმებისთვის ისინი სრულიად სხვადასხვა დაავადებებია და განსხვავებულ მკურნალობის მეთოდებს საჭიროებს. 

ინფექციონისტი ფატი გაბუნია ამბობს, რომ გრიპი ყოველთვის უეცრად იწყება. როგორც წესი, დაავადების შემოტევის ზუსტი დღისა და საათის დასახელებაც კი შეიძლება. გაციებისთვის კი დამახასიათებელია სიმპტომების თანდათანობითი გამოკვეთა - სურდო, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება.

''გრიპი ეს გახლავთ მწვავე დაავადება, რომელიც იწყება მოწმენდილ ცაზე, დილას გავიღვიძე, ვარ ჯანმრთელად, კარგად, არ მაწუხებს არაფერი. მოვბრუნდი სახლში და დამეწყო მწვავედ ძლიერი შემცივნება, სახსრების და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა. უფრო მეტი ვიდრე 38 ნახევარი, შეიძლება 40-მდეც ავიდეს''...

გაციება ეს გახლავთ ადამიანების მიერ აღქმული გადაციება. მაგალითად წვიმაში მოვხვდი შემცივდა, ორპირ ქარში ჩამეძინა - შემცივდა, კონდენციონერთან დავჯექი - შემცივდა. გაციების დროს შეიძლება ვთქვათ, რომ  პაციენტმა თავს არ მოუარა. გაციება ეს გახლავთ რისკ-ფაქტორი,  უფრო იოლად მოგვერიოს ის რესპირაციურული-ვირუსული ინფექციები, რომელიც გარემოში არსებობს. 

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები, რომელიც ჩვენს სასუნთქ გზებს აავადებს ძალიან ბევრია. რინოვირუსი, რომელიც იწვევს მხოლოდ სურდოს და ალბათ ყველა ადამიანს გქონიათ ასეთი ინფექცია, როდესაც წარმოუდგენელი რაოდენობით არის გამონადენი'' - ამბობს ექიმი. 

სპეციალისტების განმარტებით, გრიპს ოთხი სახეობის ვირუსი იწვევს. გაციებას კი, 200-მდე სახეობის რინოვირუსი. გრიპი „მიზანში იღებს“ ცხვირს, ყელს და ფილტვებს. გაციების სამიზნეა მხოლოდ ცხვირი და ყელი. ექიმების თქმით, გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მძიმე დაავადებაა.

მითია თუ რეალობა - გაციებული ვარ, ვირუსი არ მაქვს, არ გადაგედება?

ინფექციონისტი ამბობს, რომ ამაზე გადაჭრით და მტკიცებით ტონში  საუბარი არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ბევრი დეტალი. 

''თუ ადამიანი გაციებულია, გაციება კი გამოიხატება იმაში, რომ მას აქვს ყელის ტკივილი. ყელის ტკივილის მიზეზი  არ არის ვირუსული ინფექცია და არის რომელიმე ბაქტერია. ეს შესაძლებელია ნამდვილად არ იყოს საშიში და გადამდები. ასევე გრიპისგან გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი ადამიანიც უკვე აღარ არის საშიში.  პაციენტი, რომელიც ავად არის, ის გრიპის წყაროა'' - ამბობს ფატი გაბუნია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში