''რივიერა'' საფრთხეს უქმნის შავ ზღვას - სამი ორგანიზაციის მიმართვა

25 სექტემბერი 2019, 13:29 4693 ნახვა

საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და მწვანე ალტერნატივა  შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს, პროფესორ დოქტორ მეჰმეტ ემინ ბირპინარს წერილით მიმართავს. ორგანიზაციის წევრები დოკუმენტში წერენ, რომ საქართველო ხელისუფლება შავი ზღვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას არ ასრულებს. მაგალითად კი, ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა მოჰყავთ. 

წერილის ავტორები ამბობენ, რომ ბათუმის კონცხის სტაბილურობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია საქართველოს შავი ზღვისპირეთისთვის, ხოლო განაშენიანების დამტკიცებული ვარიანტს, შესაძლებელია, მნიშვნელოვნად უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს როგორც მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოებაზე, ასევე შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე აჭარის სანაპირო ზოლში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები, შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს მიმართავენ, მთავრობას 4 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვონ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:​
''გვინდა გაცნობოთ რომ საქართველოს მთავრობა სამწუხაროდ არ ასრულებს იმ ვალდებულებებულს რომელიც აღებული აქვს შავი ზღვის კომისიის ფარგლებში, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლს,  რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია აღადგინოს და დაიცვას ბუნებრივი, ისტორიული, კულტურული და ესთეტიკური  ღირებულების ლანდშაფტები. საქართველო არ ასრულებს  შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმას (2009), რომლის თანახმადაც ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ მდგრადი ადამიანური განვითარება და ამისთვის დანერგონ სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი აუდიტი, ეკოლოგიური ტექნოლოგიები, საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მწვანე ტურიზმი და მდგრადი საცხოვრისი.

ამის მკაფიო მაგალითია, ქ.ბათუმში შპს „რივიერას“ მიერ დაწყებული მშენებლობა, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმის კონცხზე  დაგეგმილია ხუთი  ცათამბჯენის  მშენებლობა, იახტ კლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარის ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარება.  5 ცათამბჯენი, ყველაზე მაღალი 57 სართულიანი და ყველაზე დაბალი 35 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, აგრეთვე ხელოვნური არხის შემოყვანა ხმელეთზე იახტ კლუბის ლაგუნისთვის  სრულად ცვლის სანაპირო ზოლს. თუმცა  ნებართვის გაცემა ქალაქის საკრებულოს მიერ განხორციელდა ყოველგვარი გარემოსდაცვითი შესწავლის გარეშე, და საერთოდ არ გახსენებიათ სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპების გამოყენება.

უფრო მეტიც, საკრებულომ და სახელმწიფო ორგანოებმა  გამოიყენეს რა კანონმდებლობის ხარვეზები, განაშენიანების პროექტი დაამტკიცეს, ყოველგვარი შესწავლისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ექნება  დიდი ზემოქმედება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, ასევე შეიძლება საკმაოდ დიდი ზემოქმედება იქონიოს საქართველოს სანაპირო ზოლზე. 
ქ.ბათუმში, და კონკრეტულად, ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილების პროცესებით, აგრეთვე მდ.ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების პროცესში. 

შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა, ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემატურია, როგორც ეს აღნიშნულია არაერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს,  ვინაიდან, ბათუმის კონცხის აგებულებაში ქვიშა მონაწილეობს მხოლოდ როგორც შემავსებელი, დაახლოებით 10-15 %-ის ოდენობით. ბათუმის კონცხი, ისევე როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები ძალზე დინამიკურია და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე ხდება ნატანის დაგროვება, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებზე. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე – საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისათვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ მშენებლობების განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა ქმნის საშიშროებებს მეწყრული პროცესების პროვოცირებისა და განვითარების, რომელსაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. 

ამასთან, აღმოჩნდა რომ საქართველოს სახელმწიფომ, ქონების მართვის სააგენტოს სახით, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული  ოფშორული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. 
არსებობს საკმაოდ დიდი ეჭვი, რომ ზღვის აკვატორიის დარეგისტრირებული მონაკვეთი, რომელიც ბათუმის პორტის ფორვატერიდან დაახლოებით 60 მეტრითაა დაშორებული, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მშენებლობის დროს ამოღებული მიწის განსათავსებლად და ამ გზით აქ ახალი ხმელეთის ნავმისადგომის მოსაწყობად. 

ვინაიდან, ბათუმის კონცხის სტაბილურობა ერთერთი ყველაზე პრობლემური საკითხია საქართველოს შავი ზღვისპირეთისთვის, ხოლო განაშენიანების დამტკიცებული ვარიანტისა და ახალი ნავმისადგომის მშენებლობის კუმულაციურ  ზემოქმედებას შესაძლებელია  მნიშვნელოვნად უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს როგორც ქ.ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოებაზე, ასევე შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე აჭარის სანაპირო ზოლში, მოგმართავთ თხოვნით:
მოსთხოვოთ საქართველოს მთავრობას:

1.    შეასრულოს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია და მისი  ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლს (2009), ასევე შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2009);

2.    უზრუნველყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპებისა და მექანიზმების ამოქმედება შპს რივიერას განაშენიანების გადახედვის პროცესში

3. ვინაიდან  წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას , მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას,    დაიწყოს  სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა,   (შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება). 

4. ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს  გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე  დამოუკიდებელი უცხოური კომპანია'' - წერია დოკუმენტში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში