გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსში გამარჯვეულად აღიარებას ითხოვს

24 სექტემბერი 2019, 21:30 3979 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი შეჩერდა.  განჩინება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სარჩელი სასამართლოში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსში ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი კოხრეიძემ შეიტანა. 

ის სადაოს ხდის, მრჩეველთა საბჭოს 22 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კონკურსი ჩაიშალა. კოხრეიძე ითხოვს, რომ ეს ოქმი ბათილად გამოცხადდეს  და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა  ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი გამოსცეს, რომლითაც აღიარებული იქნება, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივის მაუწყებლის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კოხრეიძემ გაიმარჯვა. 

22 აგვისტოს, მრჩეველთა საბჭოს სხდომას, სადაც მაუწყებლის დირექტორი უნდა აერჩიათ, ბორდის 4 წევრი ესწრებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

გიორგი კოხრეიძის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ბეჟან გობაძე სხდომა როგორც წევრი ისე არ ესწრებოდა. მისი ვერსიით, ბეჟან გობაძე შენობაში, როგორც მსმენელი ისე იმყოფებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ბეჟან გობაძე კი ამბობს, რომ  სხდომას ესწრებოდა და ეს  ოქმშიც დააფიქსირა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოდ მიიჩნევს.

"მე ვესწრებოდი სხდომას, დავაზუსტე კიდეც, რამდენი ხმით ირჩეოდა დირექტორი და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვი  კენჭისყრაზე უარი. რაც შეეხება, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვერ გეტყვით, აშკარაა, რომ  მოსამართლე ცუდად მსჯელობს.  ბუნებრივია ეს ქცევა ეჭვებს ბადებს, ხომ არ არის სასამართლოზე ზეწოლა" - გვითხრა ბეჟან გობაძემ. უფრო დეტალურად, ვისგან არის სასამართლოზე ზეწოლა, ბეჟან გობაძე არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ამ ხელისუფლებისგან არ არის გასაკვირი არაფერი, თუმცა მის ვარაუდებზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერი, თამარ კეკელაშვილი კი განმარტავს, რომ  გადაწყვეტილება იყო კანონთან შესაბამისი, რადგან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევისთვის, აუცილებელია კანდიდატმა მიიღოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობა. 

მისივე განმარტებით, სხდომას 4 წევრი ესწრებოდა, როგორც ეს ოქმში არის ასახული. შესაბამისად, კანდიტატს უნდა მიეღო არა ნაკლებ სამი ხმა.  ვინაიდან, ეს შედეგი არ დაფიქსირდა, კონკურსი კანონიერად ჩაითვალა ჩაშლილად. 

მრჩეველთა საბჭო, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში