აჭარაში გზა ფასთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ დაიგო - აუდიტის დასკვნა

22 სექტემბერი 2019, 12:30 2395 ნახვა

ალამბარი - ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ - დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეკუთვნის. მაკონტროლებელმა ორგანომ აჭარის საავტომობილო გზების 2016 -17 წლებში განხორციელებული სამუშაოები შეისწავლა და როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რიგი დარღვევებიც გამოიკვეთა.

ირკვევა, რომ  დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

ასევე არაპროპორციულად, დისკრიმინაციული მიდგომით არჩევდნენ პრეტენდენტებს და უპირატესობას   ყველაზე მაღალი ფასის წარმდგენ პრეტენდენტს ანიჭებდნენ. აუდიტის დასკვნაში ქობულეთის გარდა, მოხვდა შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაური - ნაღვარევის, ხოლო  ხელვაჩაურში  კირნათი - ჩხუტუნეთის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ალამბარი-ზენითის საავვტომობილო გზის რეაბილიტაციას შპს "სამკუთხედი" აწარმოებდა.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიასაც დაუკავშირდა. კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კითვებზე პასუხის მისაღებად დირექტორთან გადაგვამისამართა.  დირექტორი კი ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში  კი ამბობენ, რომ დარღვევების ნაწილში აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეთანხმებიან. მათივე თქმით,  დაიწყება ადმინისტრაციული   წარმოება  იმ თანამშრომლების მიმართ  ვისი სავარუდო გულგრილობაც იკვეთება და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. 

 

 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში