ასაწონი თამბაქო, სავარაუდოდ, გაძვირდება - სამინისტრო ბეგარას აანონსებს 

19 სექტემბერი 2019, 13:29 2783 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ასაწონი თამბაქო აუცილებლად უნდა დაიბეგროს, დაბეგვრა კი ზომიერი იქნება. 

''ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება'' – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, რომ გასულ წელს თამბაქოს აქციზი ფილტრიან იმპორტირებულ სიგარეტზე გაიზარდა, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი ასაწონ თამბაქოზე გადავიდა, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა.

„აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თავიდანვე იგეგმებოდა დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც. შემდეგ, სამწუხაროდ ეს პროცესი დიდ ხანს გაიწელა, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაბეგვრა. რეალურად, გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, მაშინ რას ვერჩით საწვავს და ა.შ. რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის. კარგია, რომ მწეველების შემცირების ტენდენცია დასტურდება. ეს კარგია და ამ ტემპით თუ უფრო სწრაფად წავალთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრმა თქვა, რომ დაბეგვრის სქემაში ელექტროსიგარეტიც მოექცევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი