ქედის მუნიციპალიტეტში სიძველით ამორტიზებული 80-მდე სახლია. აქედან 50-ზე მეტი ოჯახი ძველი სახლის ახლით ჩანაცვლებას ითხოვს. სწორედ ამდენი განაცხადია შესული ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში.
რაც შეეხება განაცხადების ნაწილს, ისინი სახლების გამაგრებას ეხება.
მოსახლეობის მოთხოვნისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ქედის მერიამ წელს პირველად საპილოტედ "სიძველით ამორტიზებული სახლების ახლით ჩანაცვლების" პროგრამა შეიმუშავა.
პროგრამით თავიდან 5 ხის სახლის მშენებლობა გაიწერა. თითო სახლის ღირებულება 15 000 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ სახლების ასაშენებლად ხმელი მასალა ვერ მოიპოვა.
იმისათვის, რომ პროგრამა არ ჩავარდნილიყო ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ პირობები შეცვალა და ტენდერი ბეტონის სახლების მშენებლობაზე გამოაცხადა. პირობებთან ერთად შეიცვალა სახლების რაოდენობაც, თუ ადრე მერია არსებული ბიუჯეტით 5 სახლს ყიდულობდა, ახალი მოთხოვნების შემდეგ სახლების რაოდენობა 2-ით შემცირდა.
"ბაზრის კვლევის შედეგად დავრწმუნდით, რომ ძნელი იყო ხმელი მასალის შოვნა, ამიტომ ტენდერი 3 ერთეულ ქვის სახლის მშენებლობაზე გამოვაცხადეთ. ბენეფიციარები ერთ სართულიან, დასრულებულ სახლს შავი კარკასით მიიღებენ. მართალია წელს სატესტო რეჟიმში უნდა მომხდარიყო 5 სახლის მშენებლობა, მაგრამ მოგვიწია 3 ოჯახამდე შემცირება. ბუნებრივია ბეტონის სახლი მეტად ძვირი ჯდება და ამიტომ. თითო ბეტონის სახლის ღირებულება დაახლოებით 22 000 ლარი იქნება" - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე.
ახალ სახლებს მიიღებს ყველა ის მოქალაქე ვისი საცხოვრებელიც ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამორტიზებულია, ოჯახი კი ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს მის რეაბილიტაციას ან ახლით ჩანაცვლებას. შერჩევისას უპირატესობა სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა სტატუსის მქონე ოჯახებს მიენიჭებათ. პროგრამის ბენეფიციარებს სპეციალური კომისია შეარჩევს.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სახლების მშენებლობა ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. მომდევნო წლიდან კი ისინი პროგრამის გაფართოებას და როგორც ხი, ასევე ბეტონის სახლების მშენებლობას გეგმავენ.
საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი წელს 75 000 ლარია. 3 სახლის მშენებლობაზე ტენდერი ამ დროისთვის გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 13 სექტემბერს სრულდება.