ბეშუმის ტყეში 32 კოტეჯის ჩასადგმელად ბოძები უკანონოდაა დამონტაჟებული

26 აგვისტო 2019, 18:48 4826 ნახვა

ბეშუმის ტყეში, კურორტის მომიჯნავედ, აუცილებლად შენიშნავთ ხეებს შორის  ჩაბეტონებულ რკინის კონსტრუქციებს. ყველა ასეთ ადგილზე, თანმიმდევრობით ოთხი ბოძია დამონტაჟებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი კოტეჯების ჩასადგმელად   გაამზადეს,  მიწა კი  წინასწარ შემოსაზღვრეს.

ტყის ფონდის ტერიტორიაზე სახლების ჩადგმა კანონით აკრძალულია. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასეთი 10-მდე  მონიშნული ადგილი იპოვა. ყველა მათგანი ტყის პირას გაშენებულ ახალ უბანთან, ე.წ. "ერმაკოვის დასახლებასთან" ახლოს არის განთავსებული.


ხულოს სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ გასული წლის გვიან შემოდგომაზე,  ტყეში თავადაც იპოვეს მონიშნული ადგილები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. ზენარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ფაქტს პოლიცია იძიებს. მონიშნული ადგილები ამ დრომდე ხელუხლებელია, რკინის ბოძებიც არავის მოუშლია. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე დააფიქსირა რამდენიმე სახლი, რომელიც სატყეოს ფონდის ტერიტორიაზე უკვე აგებულია და არა მხოლოდ ხიმინჯებია ჩაბეტონებული. 

ფოტო: წითელი სახლი, რომელიც ღობის უკან დგას ტყის ტერიტორიაზეა აგებული, კანონით აქ სახლების მშენებლობა არ შეიძლება.  

 "ბოძები უკანონოდ განათავსეს, მშენებლობა არ დაწყებულა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ ტერიტორიას. ფაქტის შესახებ სამინისტროში, ასევე, ხულოს პოლიციაში  განვაცხადეთ.  სულ 14 სასახლე ადგილია გამზადებული ტყის ტერიტორიაზეა. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან მფლობელები, თორემ დავაჯარიმებდით, ამიტომ მასალები გადავეცით პოლიციას. სავარაუდოდ, ტერიტორია უკანონოდ გასული წლის გვიან შემოდგომაზე მონიშნეს. სატყეო ფონდში სახლების მშენებლობა კატეგორიულად იკრძალება, დაუშვებელია," - გვითხრა ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

   ა(ა)იპი "კურორტ ბეშუმის" ადმინისტრაციამ, სახლების უკანონოდ ჩადგმის მცდელობის თაობაზე, შსს-ში  18 საქმე გადაგზავნა. ტყის მსგავსად, ტერიტორიები საკურორტო ზონაშიც  ბლომად არის მონიშნული. კონკრეტულად კი, ახალგაშენებულ ე.წ. "ერმაკოვის" უბანში. უკვე პრესტიჟულ   უბანში კოტეჯების ქირაობაც გაცილებით ძვირია. 
  ტყის განაპირა ზოლში ახალ უბანს სახელი ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის საპატივცემულოდ ეწოდა. მერობის პერიოდში, ბეშუმის ტყესთან აგებულ რამდენიმე სახლს შორის, თავად ერმაკოვის კოტეჯიც ჩაიდგა. ამის გამო კი, ტერიტორიას ადგილობრივები ასე მოიხსენიებენ. გიორგი ერმაკოვთან ერთად, ამ უბანში კოტეჯები მოქმედმა პარლამენტარმა, ასევე, სხვა გავლენიანიანმა ჩინოვნიკებმაც ჩადგეს.  
   "ერმაკოვის უბანში" რამდენიმე წელში კოტეჯების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ახალი სახლებისთვის განკუთვნილი ბოძები, უკვე არსებული სახლებიდან რამდენიმე მეტრში გაჩნდა, მათ შორის, ტყის ტერიტორიაზეც. 

 ვინ განათავსა 18 სახლის ასაგებ ადგილზე ბოძები, უცნობია "კურორტ ბეშუმის" ადმინისტრაციის უფროსისთვის. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მსგავსად, ემზარ ბოლქვაძისთვისაც   უცნობია  იმ პირების ვინაობა, ვინც ადგილი თვითნებურად დაისაკუთრა. საქმეს კი შსს იძიებს. 

   "ყველაზე მეტი ბოძები უკანონოდ "ერმაკოვის უბანშია"  , სადღაც 16-მდე მანდაა, ხოლო დანარჩენი 4  ზემოთ, ე.წ. ვარშალომიძეების უბნისკენ", - გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ. 
  ("ვარშალომიძის უბანი" ლევან ვარშალომიძის საპატივცემულოდ შეარქვეს ბეშუმის უბანს, სადაც აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის სახლი მდებარეობს. ავტ.). 
   "რაც თქვენ დაინახეთ, ის რკინები წინა პერიოდშია გაკეთებული, ჩვენ კი ავუკრძალეთ ყველას ამ ტიპის მშენებლობები. ეს ყველა მონიშნული ტერიტორია უნებართოა. აღარ უნდა აშენედეს უკანონოდ არც ერთი კოტეჯი, ნებართვისა და პროექტის გარეშე.
   როგორც იცით, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ  "კურორტ ბეშუმის" გენერალურ გეგმის შექმნაზე ტენდერი გამოაცხადა. თუ ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ გამოჩნდება რაღაც სივრცე, სადაც შეიძლება სახლების გაკეთება, ამაზე მიიღებს შესაბამისი უწყება გადაწყვეტილებას, მიწა გამოვა აუქციონზე  და კანონიერად ააშენებენ ნებართვით შენობებს. სხვაგვარად, ნებართვებს არ გავცემთ ჩვენ. რამდენიმე ადგილზე შენიშნავდით დამუშავებულ ხის მასალას, მოიტანეს ასაშენებლად, თუმცა არ მივეცით უფლება", - გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ. 

 "კურორტ ბეშუმის" ადმინისტრაციის უფროსი აჭარის მაუწყებელს უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კოტეჯის ჩადგმის გამო, კურორტზე მოჭრილი ორი ხის შესახებაც აცნობეს. ერთი ხე ახალმოჭრილი იყო,  მეორე კი ცოტათი ადრე. 
 უწყებაში გვითხრეს, რომ ხეების უკანონოდ  ჭრის შესახებ გამოძიება 303-ე მუხლით მიმდინარეობს. შედარებით ადრე მოჭრილი ხის თაობაზე გამოძიებამ სავარაუდო დამნაშავე დაადგინა, თუმცა,  არავინ დააკავა. 
   რაც შეეხება ტყის ტერიტორიაზე, ასევე კურორტ ბეშუმის ნაწილში, განთავსებულ 32 უკანონო მშენებლობას, კოტეჯისთვის გამზადებული ბოძების შესახებ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. უწყებაში გვითხრეს, რომ აუცილებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. ამისთვის კი, კანონის შესაბამისად, მაუწყებელს მინიმუმ 10 სამუშაო დღეში მიაწვდიან ინფორმაციას. 

    ჩვენ გვაინტერესებს, დაადგინა თუ არა გამოძიებამ, ვის ეკუთვნის უკანონოდ მონიშნული ტერიტორიები და არის თუ არა გამოვლენილი სავარაუდო დამნაშავეები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი როგორც კურორტზე, ასევე ტყის ტერიტორიაზე.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი