სამინისტრო ბეშუმის განვითარების გეგმაში 241 000 ლარს გადაიხდის

29 მაისი 2019, 15:53 4137 ნახვა

241 000 ლარი - ეს იმ თანხის სავარაუდო ოდენობაა, რომელსაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრო კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების გეგმის შესამუშავებლად დახარჯავს. 

სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადა უწყებამ ტენდერი, რომელიც 3 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ბეშუმის და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების სტრატეგია უნდა დადოს. რომელშიც დეტალურად გაიწერება თუ როგორ უნდა განვითარდეს კურორტი, გახდეს დასვენება უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო, გაუწიოს კონკურენცია სხვა კურორტებს და დაიტვირთოს ოთხივე სეზონზე. 

ეკონომიკის სამინისტროს სურს, რომ განვითარების გეგმა, უპირატესად „ბეშუმში“ დასახლებულ პუნქტებს შეეხოს.  შეიქმნას წინაპირობა - სასტუმროების, დასასვენებელი სახლების, აგარაკების, ახალგაზრდული ბანაკებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების განთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

დოკუმენტში უნდა გაიწეროს საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის პარკინგი. ასევე, დოკუმენტში აისახოს როგორი იქნება ბეშუმის ​არქიტექტურულ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური მხარე.

ასევე, სასოფლო დასახლებების (ე.წ „იაილები“) შემდგომი განვითარება აისახოს, კურორტის განვითარების კონტექსტში. 

კურორტის განვითარებასთან ერთად, კომპანიამ უნდა იფიქროს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა -  ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში