ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროსაჭრელი ხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მიმდინარე და გასულ წლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში ჩადენილი აქვთ 20-ზე მეტი დანაშაული.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.