"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე, შეკვეთილში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული.
ბონდო თედორაძე ოზურგეთის პოლიციაში ამ წუთებში მიდის. მან ქობულეთის საკრებულოს სხდომა სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომის დარბაზი რეპლიკების ფონზე დატოვებინეს.
"ბონდო გახარიას პლაკატი დაგრჩა თან წაიღე"- ქართული ოცნების დეპუტატმა, ედუარდ თურმანიძემ ბონდო თედორაძე დარბაზიდან ამ სიტყვებით გააცილა.
ბონდო თედორაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ის იმავე საქმეზე გამოიკითხება რაზეც ელგუჯა ბაგრატიონი.
საქმე ეხება შეკვეთილში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოწვეულ ხმაურს.
მისივე თქმით, გამოკითხვაზე სავარაუდოდ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებსაც დაიბარებენ. ის არც იმას გამორიცხავს, რომ მას ფულადი ჯარიმა დააკისრონ.
"ნაციონალური მოძრაობის წევრების" ინტერესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.