არჩილ ვანაძის ახლობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ - მერიის მაღალჩინოსნების საქმე

24 ივლისი 2019, 11:44 2763 ნახვა

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. 

სასამართლოსთან არჩილ ვანაძის ახლობლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი უდანაშაულოა და გირაოს სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლონ. 

''დღეს ჩვენ ვართ აქ ჩამოსულები არჩილ ვანაძის მხარდამჭერები, ბატონის არჩილი უდანაშაულოა, რა საქმეცაა დღეს გამოძიება ედავება, ამ საქმესთან მას არანაირი შემხებლობა არ ქონია. ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან სამართლიან გამოძიებას. ვითხოვთ არჩილის გათავისუფლებას. დაველოდოთ მოვლენებს და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცევით. გვგონია, რომ დღეს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს'' - ამბობს აქციის მონაწილე. 

''სოლიდარობა არჩილ ვანაძეს - ბათუმი'', ''თავისუფლება არჩილ ვანაძეს - ხულო შენს გვერდითაა'' - ამ ბანერებით მივიდნენ სასამართლოსთან ვანაძის ახლობლები. 

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველ ივნისს დაიწყო.

არჩილ ვანაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი მერიის საფინანსო სამსახურში მუშაობდა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 მაისს დააკავეს. 

საქმე ეხება იაფი სახლი პროექტს, რომელიც ჩავარდა. პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი