ჭაჭის კოშკი ზაფხულის სეზონზე კვლავ უფუნქციოდაა - რა ბედი ელის ობიექტს?

23 ივლისი 2019, 12:37 2703 ნახვა

ბათუმის ჭაჭის კოშკი  ზაფხულს კვლავ უფუნქციოდ შეხვდა.  უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ  კოშკიდან ჭაჭა არ გადმოდის, ის ჩაბნელებულია, მასზე არსებული საათი კი გაჩერებული.

ვის ევალება ამჟამად ტურისტული ობიექტის მოვლა-პატრონობა და რას გეგმავს ბათუმის მერია ობიექტთან დაკავშირებით, ამის გარკვევას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მერიის პრესსამსახურში შეეცადა.

როგორც აღმოჩნდა, ჭაჭის კოშკი ამჟამად  იმ ობიექტთა ჩამონათვალშია, რომელთა პატრონი და ბედიც  ჯერ გაურკვეველია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა,  თუ ვის უნდა გადაეცეს ობიექტი მოვლა-სარგებლობის მიზნით. უწყებაში  ირწმუნებიან, რომ  კოშკის საკითხი არ გაჭიანურდება და ის  ახლო მომავალში გადაწყდება.  დროებით კი ჭაჭის  კოშკი,  სავარაუდოდ  ჩაბნელებული იქნება.

რაც შეეხება კოშკზე დამონტაჟებულ საათს. ქალაქში არსებული საათების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, მათ შორის აღნიშნულიც შედის.  უწყებაში გვითხრეს, რომ ჭაჭის კოშკზე დამონტაჟებულ საათს მექანიზმი გაუფუჭდა და ის შესაკეთებლად გერმანიაშია გაგზავნილი. როდის ამუშავდება გაჩერებული საათი ამ ეტაპზე უწყებაში არ იციან.

25 მეტრი სიმაღლის ჭაჭის კოშკი ბათუმში 2012 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა. მისი მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა. კოშკის სენსორული აპარატიდან კვირაში ერთხელ ჭაჭა უნდა წამოსულიყო და ტურისტები მიეზიდა.

2014 წელს ჭაჭის კოშკი მართვაში „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ გადაეცა.

2016 წელს ჭაჭის კოშკი ბათუმის მერიამ მართვაში  ბალანსზე არსებულ "ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" გადასცა. სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ობიექტის მართვით 2  კერძო კომპანია იყო დაინტერესებული, თუმცა მერიამ კოშკის მათთვის გადაცემის გადაწყვეტილება არ მიიღო.

2018 წელს,ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და მერიის ა[ა]იპ-ები: „ბათუმის კორპუსი“ და „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“, ერთ სტრუქტურად გაერთიანდა, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში დარჩა. სწორედ მას შემდეგ ქალაქის მერია ცდილობს  განსაზღვროს, რომელ სამსახურს თუ აიპს გადასცეს ობიექტი მოვლა-სარგებლობისთვის.

გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ჭაჭის კოშკს გარს ოთხი  შადრევანი აკრავს, რომლებთანაც  დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი  მოწყობილობა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი