ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სათავეში ქალი პირველად ჩაუდგა. განათლებით ექიმ-გინეკოლოგი და 7 შვილის დედა კანცლერ ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტში 2005 წლიდან მუშაობდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ლაიენი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
გერმანელი პოლიტიკოსი ევროკომისიის მოქმედ მეთაურს ლუქსემბურგელ ჟან-კლოდ იუნკერს ნოემბერში შეცვლის. ორივე პოლიტიკოსი მემარჯვენე-ცენტრისტია ისევე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკავშირის ივნისის სამიტზე ევროპის ლიდერებმა წამოაყენეს. სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე მას 383 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.