სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ჟურნალისტის არაპროფესიულ ქცევასთან - რას წერენ სოციალურ ქსელში ხელისუფლების განცხადებაზე 

08 ივლისი 2019, 01:22 3212 ნახვა

"რუსთავი ორის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, სადაც ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მის ოჯახს აგინა, ყველა მაღალჩინოსანმა კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის არაეთიკური ქმედება დაგმო პრემიერ მინისტრმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანამა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტმა.   ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტს სახელმწიფოსთვის სახიფათო პროვოკაცია უწოდეს. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ კი თქვა, რომ ამაზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.  საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაგმონ ეს ფაქტი. 

სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას გინების ფაქტი მიუღებლად მიიჩნიეს ჟურნალისტებმა, მედია ექსპერტებმა, უფლებადამცველებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, თუმცა სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ხელისუფლების რეაქცია და "მკაცრი რეაგირების" დაანონსება სახიფათო ტენდენციაა და მძიმე შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

გიგა ზედანია -  "ერთი ჭკვიანი ფილოსოფოსი ამბობდა, ზომიერება საუკეთესო სათნოებააო.  არაა ჩვენი საქმე კარგად, თუ ასეა - საერთოდ არ გვაქვს ეგ სათნოება საქართველოში.

ახლა მგონი იმაშიც ვერ დავიცავთ ზომიერებას, რომ ამ სრულიად მიუღებელი ქცევის კრიტიკისას (რომელიც თავადაც ზომიერების არქონის შედეგია) პუტინის სიმპათია არ მოგვეძალოს.

თამარ გურჩიანი - "მოკლედ, აღმაშფოთებული, ამაზეზენი და შოკშიჩამგდები გამოხატვაც დაცულია კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით. 
ამაზე ვერანაირი “მკაცრი რეაგირება” ვერ ექნება ხელისუფლებას! 
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება სწორედ ეს არის და გთხოვთ, გავუფრთხილდეთ მას. ჩემი დაკვირვებით, სიტყვის თავისუფლების გარდა მაინც არაფერი შეგვრჩა.

ხათუნა სამნიძე - "გადახვევა მომიწია რამდენჯერმე, ისეთი დაუჯერებელი იყო, რაც მესმოდა. სტანდარტები კი არა, სრულიად წარმოუდგენლად მომეჩვენა ამის დაგეგმვა, დაწერა, წაკითხვა... ყველაზე მეტად ისაა სახიფათო, რასაც და ვისაც ვებრძვით, იმას არ დავემსგავსოთ და უარესიც გავხდეთ. ასე ვადგებით მაგ გზას სწორედ.

აი ხელისუფლების ეს “მყისიერი” რეაქციები კიდე, ამ მშიშარა უპასუხისმგებლო პატარა კაცების, ხან რეზინის ტყვიები ჩვენი სტილი არააო რო იძახიან და ხან ჩირგვებში იმალებიან, ცალკე უბედურებაა ამ ქვეყნის! წუთებში გამომზეურდნენ! არც ერთ მართლა კრიზისზე ხმა რომ არ მოუღია და ახლა დასკვნები რო გააკეთა. მეორემ კიდე ეს უნდა დამთავრდესო, რას აპირებს ნეტა?! აუხსენით, მათი საქმე რო არაა ეს.

ნინო ჯაფიაშვილი -  "სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ამ არაპროფესიულ შემთხვევასთან. ამ საქციელთან შეუდარებლად მძიმე იქნება, თუ კი ხელისუფლება მედიის შეზღუდვის ან დასჯის გზას დაადგება".

ნატა ძველიშვილი  - ​ ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თან იმ პირობებში, როდესაც ვცდილობთ კანონმდებლები დავარწმუნოთ, რომ არ შეასუსტოს თვითრეგულირება. ახლა სწორედ ეს დისკუსია გვაქვს ხელისუფლებასთან, რადგან არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. 

ამით ზიანდება მთელი მედიაგარემო. მართლა ვეღარ ავუდივართ ნიშნისმოგებით საუბარს, "აი, ასეთი გადაცემები გინდათ?" კითხვებს. არგუმენტები გვისუსტდება რატომ არ უნდა შეიზღუდოს კონტენტი.
ქარტიამ გააკეთა განცხადება, მეტი მას არაფერი შეუძლია. ჟურნალისტიკა არ არის ლიცენზირებული საქმიანობა. ამიტომ სტატუსს ვერავინ ვერავის შეუჩერებს. ქარტია არ არის სადამსჯელო ორგანო, ის თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც უპირველესად მოქალაქეების მიმართვისთვის არის შექმნილი. 

მიმართეთ თავად მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. სწორედ მენეჯმენტს აქვს პრეროგატივა იმსჯელოს რას და როგორ იმოქმედებს მაშინ, როდესაც ჟურნალისტი არაეთიკურად იქცევა.

ზვიად ქორიძე - რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:
1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;
2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;
3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ "აიკრძალოს რუსთავი-2", "აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა" და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;
4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;
5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. "რუსთავი-2"-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც". 

გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო,  "რუსთავი ორმა" საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. რტელეკომპანია მიიჩნევს, რომ  საკუთარი პოზიციის ამ ფორმით გამოხატვა მიუღებელია რედაქციისთვის და საკითხს "რუსთავი ორის" თვითრეგულირების საბჭო განიხილავს. 

მედიასაშუალება ასევე ეხმაურება ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მიიჩნევს, რომ წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი