დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატმა, სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.გიორგი კონდახაშვილმა 27 ივნისის განჩინების ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლის თანახმად, დეპუტატისთვის დამატებითი შეზღუდვის ღონისძიებებია გამოყენებული. ადვოკატი მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია, პარლამენტარმა მისი უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე საგამოძიებო ორგანოს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე. ასევე, ბუნდოვნად მიაჩნია შემზღუდავი ღონისძიება, სადაც საუბარია, რომ მელიას ეკრძალება იმ პირებთან კონტაქტი, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ამ საქმის მოწმეები გახდნენ.
სააპელაციო სასამართლოს მიმართა გენერალურმა პროკურატურამაც. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს. შეგახსენებთ, დეპუტატს კოლეგებმა უმრვლესობიდან უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს, მას ბრალად ედება 20 ივნისს, ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება.