10 000 ლარი გირაო და პარლამენტარების თავდებობა - რას გადაწყვეტს მოსამართლე?

27 ივნისი 2019, 15:22 2204 ნახვა

ნიკა მელიას ადვოკატი  გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა მან სასამართლო სხდომაზე დააყენა. ადვოკატის თქმით  მელია მზად არის ჩააბაროს პასპორტიც.

სასამართლოზე ითქვა ისიც, რომ მას პარლამენტარები თავდებში უდგებიან.

„მისი დაკავება მელიას პოლიტიკურ განეიტრალებას უკავშირდება და ის არსად წასვლას არ აპირებს. პარლამენტართა სია გადმომცეს, რომლებიც წერილობით უზრუნველყოფენ ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნას თავდების ქვეშ. ისინი ითვალისწინებენ სრულ პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება თავდებობას“,- განაცხადა ადვოკატმა სასამართლოს სხდომაზე.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნიკა მელიას მეგობრები და ახლობლები.

ინფორმაციას  პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი