შედეგმა აჩვენა, რომ საბჭო ძალაუფლების მქონე ჯგუფების გავლენის ქვეშ არ არის - გიორგი ირემაძე

03 ივნისი 2019, 17:54 2350 ნახვა

მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი ირემაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ღია წერილს პასუხობს, სადაც ნათიამ ზოიძემ მრჩეველები მთავრობის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა. ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს და არჩევნებს კი, პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.  

გიორგი ირემაძე ამბობს, რომ მისთვის ნათია ზოიძის სულისკვეთება გასაგებია, მაგრამ არ იზიარებს. ღია წერილში გამოხატული ვარაუდები კი, დამდგარი შედეგის საპირისპიროა. 

''მე არ მქონდა შესაძლებლობა და დრო დეტალურად შემესწავლა ეს წერილი. მხოლოდ ერთხელ წაიკითხა ჩემმა კოლეგამ და მოვუსმინე. სულისკვეთება რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ არ ვიზიარებ. იმიტომ რომ გამოხატული ვარაუდები, ლოგიკურად თუ მივუდგებით დამდგარი შედეგის საპირისპიროა. 

დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ მრჩეველთა საბჭო ძალაუფლების მქონე ჯგუფების გავლენის ქვეშ არ არის.

ნათიას აქვს უფლება თავისი სუბიექტური დამოკიდებულება ქონდეს საკითხისადმი, მათ შორის ემოციური დამოკიდებულებაც თემისადმი,'' - განაცხადა გიორგი ირემაძემ. 

რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე მრჩეველთა საბჭოს მიერ დასმულ და გაჩენილ კითხვებს, გიორგი ირემაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით კითხვები მასაც ჰქონდა. 

''​სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე მეც მქონდა კითხვები. გიგას შეკითხვის შემდეგ ამასთან დაკავშირებით. ძაან დელიკატური თემაა, რამდენად უნდა ერეოდეს ადმინისტრატორი, მენეჯერი სარედაქციო მუშაობაში. რამდენად უნდა ქონდეს პროცესებზე გავლენა. ეს გავლენა უნდა იყოს ინსტიტუციური, თუ გავლენა უნდა იყოს სუბიექტური.

ადამიანი, რომელიც არის სუფთა რეპუტაციისა და რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, როცა ერევა გარკვეული ხარისხით ჟურნალისტის საქმიანობაში, ზოგადად საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში, შესაძლებელია, ეს კვალიფიკაციიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე, ნაკლებად სახიფათო იყოს, მაგრამ მთლიანობაში, ეს ყოველივე, სისტემურად დალაგებული უნდა იყოს და მკაფიოდ გამიჯნული, სად იწყება მენეჯერის უფლებამოსილება და სად სრულდება. სად იწყება თავად ჟურნალისტის სრული დამოუკიდებლობა, მიდგომებში, გადაწყვეტილებებში, თუ კი მის მიერ გაკეთებული სიუჟეტი ან მასალა სტანდარტებს აკმაყოფილებს, მნიშვნელოვანია.  

მე პირადად ვემხრობი იმის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს სისტემურად გამართული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სადამდე აქვს უფლება მენეჯერს მონაწილეობდეს ჟურნალისტის საქმიანობაში. მათ შორის შეფასებით საქმიანობაში. პრინციპები და გადაწყვეტილების ინსტრუმენტები თავიდან უნდა იყოს ნათელი. როგორც სპეციალისტი ნათია გამოცდილია ამ თვალსაზრისით, ამავდროულად ის არის მაუწყებლის ხელმძღვანელი დღესდღეობით. 

არ აღმიქვამს, რომ ვინმესთვის ეს იყო დისკვალიფიკაციის ან ყვითელი ბარათის ჩვენება. თავის აღქმებში ნათია ბუნებრივია თავისუფალია'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს გიორგი ირემაძემ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნები 31 მაისს გაიმართა. ხელმძღვანელი ვერ აირჩიეს, მრჩეველთა ხმები 4 კანდიდატს შორის გაიყო. 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში