სოფელ სალიბაურის მცხოვრებლებმა დღეს სოფლის გზა გადაკეტეს. 400 -მდე ოჯახზე სასმელი წყლის მიწოდება, წლებია ვერ ან შეფერხებებით ხდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ წყლის მიწოდების საკითხი 40 წელზე მეტია
მოქალაქეები ყვებიან, რომ წლებია ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, რადგან თითქმის არ მიეწოდებათ სასმელი წყალი.ოჯახები წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან.
უფრო მეტიც, აქციის მონაწილე მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ იშვიათად, გრაფიკით მიწოდებული წყალი დაბინძურებულია.
გზის გადაკეტვის პარალელურად, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხელვაჩაურის გამგებელთან პირდაპირ კომუნიკაციაზე გასულიყვნენ და ჯუმბერ ვარდმანიძეს მობილურ ტელეფონზეც დაურეკეს. თუმცა, მათი თქმით, კომუნიკაცია ვერ შედგა, რადგან გამგებელმა ტელეფონი გათიშა.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიშა ბოლქვაძეც, რომელიც ამბობს, რომ ხელვაჩაურის სოფლებისთვის, მათ შორის სალიბაურიც შედიოდა, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 5 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა წყალი ამ სოფლებში არ აქვთ. განმარტავს, რომ წყლის სისტემის გაუმართაობა ამ საკითხში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმართ კორუფციულ ნიშნებზე მიუთითებს.
ხელვაჩაურის გამგებელი ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს ტელეფონზე უპასუხა, თუმცა თავადვე გაუთიშეს აქციის მონაწილეებმა, თანაც ორჯერ. რაც შეეხება 5 მილიონის ხარჯს, გამგებელი ირწმუნება, რომ ამ თანხით, მტირალას მთიდან წყლის მილები სოფლებამდე მოიყვანეს.
"ეს თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ მტირალადან წამოსულიყო წყალი, დაქსელილიყო მილებით ტერიტორია და სოფლებამდე მოსულიყო. მილები გაკეთდა რამდენიმე სოფელში, მათ შორის სალიბაურის სოფლამდეც მოდის წყალი. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ვადასტურებ, რომ ახლა არის, რადგან ამ სეზონზე წყლის დეფიციტია მტირალას ავზში, 2 თვე მინიმუმ წყალი მცირდება და გრაფიკით უნდა მიეწოდოთ" - ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე. მისი მტკიცებით, წელიწადის სხვა დროს პრობლემა აღარ აქვთ წყლის მიწოდების და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "არც გრაფიკით მიეწოდებათ სხვა დროს, ეს არასწორი ინფორმაციაა, მხოლოდ ორი თვით ეთიშებათ, რადგან დეფიციტია წყლის" - თქვა გამგებელმა.