საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

01 ივნისი 2019, 11:24 1969 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა. ამ სიაში ფიგურირებს ზაზა თავაძის გვარიც.

ზაზა თავაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას დაუდასტურა, რომ კონკურსში მონაწილეობს.

“გიდასტურებთ, რომ ვიღებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას. საკონსტიტუციო სასამართლოში მალე მოსამართლის უფლებამოსილება მეწურება და ასევე ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ დაგროვილი 20 წლიანი გამოცდილება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, თუ მოვახერხე, ეხლა უკვე საერთო სასამართლოებისკენ მივმართო. კერძოდ, კი უზენაეს სასამართლოში ვცადო ბედი. წინ საკმაოდ ხანგრძლივი შერჩევის პროცესია და ვნახოთ, როგორ იქნება”, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

კონკურსანტთა სიაში ფიგურირებს შალვა თადუმაძის სახელი და გვარი. მაუწყებელი ცდილობს მთავარ პროკურორთან დაკავშირებას და მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში