"მედიასაშუალების დირექტორობა არაა კომფორტის ზონა, ყოველთვის მოსალოდნელია ზეწოლა" - დირექტორობის კანდიდატი ბაჩუკი ჩხეიძე

31 მაისი 2019, 17:00 2404 ნახვა

"მე არ შემიძლია ერთპიროვნული მართვა, თუ არაა გუნდი და არაა მსჯელობა, აზრთა გაცვლა, მე ვერ ვაკეთებ საქმეს. გუნდურობის შეგრძნება უნდა ჰქონდეს ყველას და შიგნით არ უნდა იყოს დაჯგუფებები" -  ასეთი მართვის ფორმას სთავაზობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ბაჩუკი ჩხეიძე მრჩეველთა საბჭოს. ამბობს, რომ ის არ აპირებს მოსვლის შემთვევაში მედიასაშუალების სტრუქტურაში ხისტ ჩარევას. 

"არ ვაპირებ ხისტ ჩარევას, თუმცა აქ დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა შეისწავლონ და მისი ადგილი უნდა მოძებნონ. უნდა იყოს კონკრეტული გეგმა, თუ რა შეუძლია და რა არ შეუძლია აქ მომუშავე ადამიანებს" - ფიქრობს კანდიდატი. 

სხვა კანდიდატების მსგავსად, ბაჩუკი ჩხეიძეც მიიჩნევს, რომ აუცილებელია მაყურებლის ნდობის გაზრდა და გეგმავს ამის გუნდთან ერთად გააკეთებს. ფიქრობს, რომ ეს მიიღწევა  საინფორმაციოს რედაქციის დამოუკიდებლობისა და რეგიონებში ბიუროების გაძლიერების ხარჯზე. დირექტორობის კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს მოქალაქე რეპორტიორის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზეც მაუწყებელში.

''ნდობის მოპოვებას განაპირობებს საინფორმაციო სამსახური. ამის გარეშე, სხვა რა გადაცემებიც არ უნდა გააკეთო, რა ხარისხითაც არ უნდა იყოს,  ვფიქრობ, მაუწყებელი მაყურებლის დიდ ნაწილს დაკარგავს.

ასევე ფიქრობ, რომ მაღალმთიან რეგიონებში საკმაოდ აქტიური და გონიერი ხალხი გვყავს. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი ხალხს გაუკეთონ რაღაცაა. ანუ, ვსაუბრობ მოქალაქე რეპორტიორის საკითხზე. ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ, ეს მოიტანს დიდ შედეგს'' - ამბობს ბაჩუკი ჩხეიძე

კანდიდატი მიიჩნევს, რომ დრეს მედიაში და მათ შორის აჭარაში საზოგადოებრივ მაუწყებელში, არ ხდება თემების თანმიმდევრულად გაშუქება. ანუ, თემებზე მიბრუნება. "როცა ნდობა აქვს ადამიანს და შუქდება მისი პრობლემა, მით უფრო თუ ამას უწყებებიდან აქვს რეაგირება, აუცილებელია ხდებოდეს  თანმიმდევრული გაშუქება. ეს მოიტანს მაყურებლის ნდობას. ადამიანი  არ უნდა დავტოვოთ პრობლემის წინაშე მარტო.." - ამბობს კანდიდატი. 

რაც შეეხება მედიასაშუალებისთვის პრობლემური შენობის, მცირე ფართისა და თანამშრომლების სამუშაო პირობების შექმნის საკითხს, ბაჩუკი ჩხეიძე ​ამბობს რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საკითხს შეისწავლის. 

''ტელევიზიას გამართული მუშაობისთვის სჭირდება შენობა, ადამიანებს სჭირდება შესაბამისი სამუშაო გარემო, ნორმალური პროდუქტის შესაქმნელად. დღეს ამ ტელევიზიაში თანამშრომლები შენობაში ვერ შემოდიან. არ აქვთ სამუშაო გარემო, ეს დიდი პრობლემაა''.

დირექტორობის მსურველი ამბობს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმუშაოს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობაზე, სხვადასხვა მიმართულებით. ის ამბობს, რომ მაუწყებელი უნდა ზრუნავდეს თითოეული ადამიანის უფლების დაცვაზე. 

იქვე თქვა, რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორობა არაა კომფორტის ზონა, რადგან ყოველთვის მოსალოდნელია ზეწოლა. "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორად მოსვლა, არ არის კომფორტული ზონა.., აქ ბევრ ზეწოლაც ექნება ადგილი, ირიბიც და პირდაპირიც. ჩვენ ვართ ადამიანები და ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტე.. ამას ვგულისხმობ, რომ აქ გუნდურობა აუცილებელი ამის გადასალახად" - განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში