"ქართულმა ოცნებამ" მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა 

29 მაისი 2019, 15:06 1225 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, თამირლან მაჩალიკაშვილი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.  საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე, მხოლოდ 30 დეპუტატი აღმოჩნდა, 3 წინააღმდეგი იყო. მხარდამჭერებს შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და  "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები, ასევე ეკა ბესელიას ახლადშექმნილი პარტიის წევრები. 

სხდომას 124 დეპუტატი ესწრებოდა, "ქართული ოცნების" არც ერთმა დეპუტატმა  ინიციატივა არ გაიზიარა.  საგამოძიებო კომისიის შექმნას, 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. 

პანკისში, სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს,  თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, 2018 წლის 10 იანვარს კი გარდაიცვალა.  პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

 სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას და  ხელყუმბარის აფეთქებას. "უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და  მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – ამბობდნენ სუს-ში.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა კი ირწმუნება, რომ მის შვილს მაშინ ესროლეს, როცა ეძინა. იგი სამართლიანი გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით,წელიწადზე მეტია თბილისში, პარლამენტის წინ, კარავში ცხოვრობს და აქციებს მართავს. 

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი  ტერორისტული აქტის მომზადებაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუპატიმრებიათ და ის აქციებს განაგრძობს. 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში