თორნიკე რიჟვაძე აღიარებს, რომ რუსული ''რბილი ძალის'' წინააღმდეგ, პრევენციის ნაწილში ხარვეზები იყო 

28 მაისი 2019, 14:23 3075 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაშინ, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის 101-ე წლისთავს ზეიმობს, მოქალაქეებს ბათუმის ქუჩებში მსგავსი სანახაობა არ უნდა ენახათ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სანახაობაში, რუსული დროშების ''ფრიალს'' გულისხმობდა. 26 მაისს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ფესტივალის მონაწილეებმა მსვლელობით ჩაიარეს, მათ რუსული დროშები ჰქონდათ და ''რასია, რასიას'' სკანდირებდნენ. მომხდარის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების მინისტრი თანმდებობიდან გადააყენა. სწორედ ეს უწყება დასახელდა ფესტივალის ორგანიზატორად. 

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პრევენციის ნაწილში ჩავარდნა იყო და სწორედ ამიტომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. მომავალშიც, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება მყისიერი იქნება. 

ჟურნალისტის კითხვაზე: ამ ღონისძიებაში („ოქროს დელფინი“) რუსეთის მონაწილეობის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, მაშინ, როცა ბათუმში ფუნქციონირებს „მეგობრობის სახლი,“ რომელიც ნაწილობრივ მოსკოვიდან ფინანსდება, სამოქალაქო სექტორის პრეტენზია აქვს, რომ პრევენციისთვის არაფერი კეთდება.

მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუსული ''რბილი ძალის'' წინააღმდეგ, პრევენციის ნაწილში ხარვეზები და ჩავარდნები იყო.

„რაც შეეხება, ზოგადად, რუსულ ოკუპაციასთან, ჰიბრიდულ ომთან ბრძოლას, ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის ვალია, მათ შორის თანამდებობის პირების. დიახ, ზუსტადაც, რომ პრევენციის ნაწილში ჩვენ გვქონდა გარკვეული ჩავარდა და ხარვეზი, ამიტომ უნდა დამდგარიყო პასუხისმგებლობის საკითხი და ეს პასუხიმგებლობა დადგა. მომავალშიც თუ გვექნება ასეთი ფაქტები, ბუნებრივია რეაგირება უნდა იყოს მყისიერი და უნდა მოხდეს შესაბამისი გაანალიზება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მთავარის“ ეთერში.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში