რუსული დროშის გამო, აჭარის განათლების მინისტრი პოსტს ტოვებს - თორნიკე რიჟვაძე

26 მაისი 2019, 16:54 31218 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მსვლელობის დროს, რუსული დროშის გამოჩენას უკავშირდება.

"ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი,"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

რუსული დროშები, დღეს ბათუმის ქუჩებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა. ფესტივალის მონაწილეებს რუსული დროშების გარდა, ჰქონდათ ბანერი წარწერით  - RUSSIA.

მსვლელობის დროს, რუსული დროშის აფრიალებას, მკვეთრი კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. 

განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ეს ბავშვთა ფესტივალია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

"ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და დღევანდელი ფესტივალიც სწორედ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც  ტრადიციულად 26 მაისს ემთხვევა. აქ არის 8 ქვეყნის 15 წარმომადგენელი, ხვალ დასკვნითი კონცერტი იქნება" - განაცხადა ინგა შამილიშილმა. 

ჟურნალისტების კითხვას თუ რატომ მონაწილეობენ ბავშვები რუსული დროშებით მსვლელობაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ასე უპასუხა: "ისინი მღერიან უკრაინულ სიმღერებს, ამიტომ აქ რუსული დროშა ნამდვილად არ ფრიალებს, ეს არის ბავშვთა ფესტივალი რომელიც არის ტრადიციული და მე მგონი სცილდება ყოველგვარ პოლიტიკურ კონტექსტს".

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში