სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, სექსიზმის ნიშნებს ავლენს - ქალთა მოძრაობა

16 მაისი 2019, 17:12 2307 ნახვა

''სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად'' - ასე ქვია განცხადებას, რომელსაც ქალთა მოძრაობა ზუგდიდის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად ავრცელებს. 

ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია, მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები წერენ, რომ ისინი ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდებიან  და სანდრა რულოვსის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ხედავენ.

''მიგვაჩნია, რომ სანდრა რულოვსის უფლება - კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მაშ შორის, გენდერული ნიშნით. მშვიდობიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები მათ უწოდებდნენ „ნასედკებს და ბოზებს“. დღემდე ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა მათი იდენტიფიცირება ადვილია.

ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტერებს, სადაც სანდრა გამოსახულია საცვლებით; მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ. ოპონენტები ცდილობენ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“გამო. ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეისბუქზე, სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალთა მოძრაობის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

• უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება.

• თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისაგან;

შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

მოძრაობის წარმომადგენლები მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ სექსისტური განცხადებების გამო, საკუთარი რიგებიდან თამაზ ფაცაციას გარიცხვას სთხოვენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში