ონლაინ ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე ოჯახის წევრები დააკავეს

07 მაისი 2019, 11:05 4517 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ფაქტზე ოჯახი დააკავეს. დედა, მამა და ორი შვილი. მათთან ერთად, ჯგუფურად ნარკოდანაშაულისთვის 3 პირიც აიყვანეს. 

შსს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, ნივთმტკიცებად პოლიციამ 2 ათასაზე მეტი დაფასოებული ნარკოტიკული საშაულება ამოიღო, მათ შორის კოკაინი. 

დაკავებულთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია 

"დაკავებულთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი. 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება" - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

სამართლდამცველებმა რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებებით დადგინეს, რომ ბრალდებულებმა, ინტერნეტ-პლატფორმა ,,მატანგა’’-ზე დაარეგისტრირეს მაღაზია სახელით ,,MEGASHOP’’, რომლითაც ყიდდნენ ნარკოტიკული საშუალებებს. კერძოდ,ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, ხოლო თანხა ვებ-გვერდ ,,მატანგა’’-ს ანგარიშზე ერიცხებოდათ.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია: 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და კოკაინი. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინი ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. პოლიციამ, ბრალდებულების მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში