მაუწყებლის თანამშრომლების ბრიფინგი /პირდაპირი/

18 აპრილი 2019, 00:00 1368 ნახვა

მაუწყებლის თანამშრომლების ბრიფინგი - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც ისინი მრჩეველთა საბჭოს მიმართავენ. თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას, დირექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამბობენ, რომ ემიჯნებიან საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას.

 

"ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სრულად ემიჯნება ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ 11 აპრილს გაცხადებული, მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხი პოლიტიკური პროცესია და თურმე ის საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ან ეს არის დემოკრატიულ მედიაზე შეტევა. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით საკითხის ამგვარ ფორმულირებას, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს მაუწყებელში ბოლო პერიოდში. ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - სიტყვის თავისუფლებას! და ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციიდან, სადაც დირექტორი უზღუდავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკსაც კი! ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხდომებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გავრცელებულია სოციალურ პლატფორმებზე, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩება! ანუ ფუნდამენტური უფლება - სიტყვის თავისუფლება დარღვეულია საზოგადოებრივ მაუწყებელში! ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პიროვნებების განწყობა კი, თითქოს აჭარის მაუწყებელს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ყავს, სინამდვილეში მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია. რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას. აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით. ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მრჩეველთა საბჭო აღნიშულ გარემოებებს გაითვალისწინებს და გააკეთებს თავისუფალ არჩევანს" - წერია გავრცელებულ წერილში, რომელისაც ხელს აჭარის მაუწყებლის  103 თანამშრომელი აწერს და იგი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 16 მარტს შევიდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში 310 თანამშრომელია. 

 

ამავე კატეგორიაში