შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცა. უწყებამ, სამი თვის სტატისტიკური მონაცემები სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
''2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები'' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა სამი მოქალაქე დღეს აიყვანეს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით რუსეთიდან ჩამოვიდნენ.
ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და გასაღების მიზნით ინტერნეტში აქვეყნებდნენ.