''დაკავების შემდეგ, ბრალდებულის სხეულზე დაზიანების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხვდება'' - სახალხო დამცველი

01 აპრილი 2019, 00:00 1480 ნახვა

"აჭარაში, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, სხეულზე მიღებული დაზიანებების შემთხვევები  9-ჯერ გაიზარდა" - წერია სახალხო დამცველის 2018 წლის მონიტორინგის შედეგებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.  

უფრო კონკრეტულად კი, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, 2018 წელს, ფიზიკური დაზიანების 47 ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც დოკუმენტურად არის გაფორმებული. იმავე იზოლატორში, 2017 წელს, დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 5 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, წინასწარ მოთავსების იზოლატორში დაკავებულებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი ორჯერ არის გაზრდილი. 

„2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს - 116 შემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხვდება,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ნინო ლომჯარიას ​ უწყება მიიჩნევს, რომ "ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული''. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი