''სილქ როუდ ჯგუფი'' - ისტორიული ზონა, რომ დამტკიცდეს პროექტი არ გადაიხედება

29 მარტი 2019, 00:00 3021 ნახვა

კომპანია "სილ ქროუდ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და ''რივიერას'' პროექტის ირგვლივ, სპეციალისტებთან ერთად, საჯარო დისკუსიების გამართვა მოითხოვა. 

კომპანიის დირექტორის განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწლი იღებს ცალმხრივ ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით და სხვადასხვა ჯგუფებს შეჰყავთ შეცდომაში. უფრო კონკრეტულად კი, კაპანაძე საუბრობს რივიერას ტერიტორიის ისტორიული დაცვის ზონაში შეტანის და ამ ზონის სასწრაფოდ დამტკიცების საკითხზე.

"რომც ედოს დღეს მერიას ისტორიული დაცვის ზონა დამტკიცებული, ეს პროექტი, რაც ჩვენ მოვამზადეთ, არ ეწინააღმდეგება ამ კანონს. მინდა წაგიკითხოთ კანონიდან ამონარიდი, თუ რატომ არ ეწინააღმდეგება. ისტორიული დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია თუ საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი პროგრამა შეესაბამება საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. ისტორიულად კი არ ნიშნავს პრეისტორიულს, დინოზავრის ხანას. ისტორიულად ნიშნავს იმას, თუ რა ვითარება შეიქმნა ბოლო პერიოდში ამ ტერტორიის გარშემო. ჩვენი ტერიტორია ყოველთვის იყო განაშენიანებული, ჯერ იყო გემსარემონტო ქარხანა და ბარაკები. მერე დაანგრიეს ყველაფერი, გაიყვანეს ხალხი და დაიწყო მშენებლობა ამ ადგილზე, რომელიც არ დასრულდა. მას შემდეგ,  ირგვლივ აშენდა პორტა ბათუმი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაღლივი შენობები, გასულ 10 წლის განმავლობაში მაღლივი კორპუსები აიგო... ვიმეორებ, რომც ედოს ზონის სტატუსი, ჩვენ არანაირ წინააღმდეგობაში არ მოვდივართ ამ კანონთან. იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე, მასშტაბი უკვე გვაქვს საკმაოდ მაღალია" - ამბობს გიორგი კაპანაძე. 

კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც რივიერას ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, მიიჩნევს, რომ ''რივიერას'' ტერიტორია ისტორიის დაცვის ზონაში არ უნდა იყოს, რადგან იქ არ არის კონცეტრირებული კულტურული მემკვიდრეობისა ძეგლები და ისტორიული ნაგებობები.  რაც შეეხება ძეგლის სტატუსის მქონე შუქურას, ბათუმის ბულვარს, თეატრის შენობასა და ისტორიული ბათუმის ნაწილს, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ძეგლებს 50-დან 150 მეტრამდე დაშორება აქვთ პროექტიდან და კანონით მშენებლობა შეუძლიათ. 

"ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლების და სხვა ისტორიული და კულტურული ობიექტების დიდი კონცენტრაცია. ავთენტური სახით შენარჩუნებული განაშენიანება და ა.შ.  ჩვენს ტერიტორიაზე არაფერი არ დგას. შუქურა არ არის ჩვენს ნაწილში, მიმდებარე ტერიტორია არის, კი ბატონო. ვიზუალური  თუ ფიზიკური დაცვის არეალი, რაც არის, მაგ ნაწილს ვიცავთ და ვშორდებით. შუქურას 50 მეტრით არის დაშორებული, ბულვარის ადმინისტრაციას 200, ბათუმის დრამატულ თეატრს მთელი 150 მეტრით, ხოლო ძველი ბათუმს გვაშორებს გამზირი, პარკი, წრიული და ა.შ.  

და რატომ იქნა "გეოგრაფიკის" კვლევაში ეს ტერიტორია ისტორიულ ზონაში შეყვანილ იცით? იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რაღაცა ნაწილს, მიწის ლაქას ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და თითონ "გეოგრაფიკისრეკომენდაციაშივე წერია, რომ უნდა მოიხსნას. აბსურდია, ხომ არ შეიძლება არაფერს ჰქონდეს ძეგლის სტატუსი'' - ამბობს გიორგი კაპანაძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა კომპანია სპეციალისტებთან ერთად საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი გაიზიაროს, რომელიც ამ ტერიტორიაზე მაღლივი განაშენიანებას ეწინააღმდეგება ან რეკრეაციულ სივრცეს ითხოვს. კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის შეცვლას არ გეგმავენ და მხოლოდ მისაღებ და გონივრულ წინადადებებს გაითვალისწინებენ. 

"კომპანიის პოზიცია ასეთია, ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი კომპანია, რომელიც ვიცავთ ყველა წესს. უპრეცენდენტოა, რომ არ ვითხოვთ კოეფიციენტის გაზრდას, რადგან აჭარაში ყველა ინვესტორი იორმაგებს კოეფიციენტს (სიმაღლეს და მოცულობას).  ყველა კანონის მოთხოვნაში ვჯდებით და იმასაც ვამბობთ, რომ სხვის კომპენტენციაში ვერ შევალ, თუმცა მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს ეს ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონაში. თუ სპეციალისტებს სხვანაირად მიაჩნიათ, მაგრამ დასაბუთებულად, კი ბატონო, მაშინ მე არ ვარღვევ კანონს და მაქვს ამ პროექტის განხორციელების უფლება ისტორიულ ზონაშიც" - განაცხადა კაპანაძემ.

"სილქ როუდ ჯგუფი" დღეს, 29 მარტს,  საზოგდაოება "ბათომისა" და "დაიცავი ბათუმის" ბრიფინგს გამოეხმაურა. მოქალაქეებმა და ორგანიზაციის წევრებმა ბათუმის მერს  კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, რომ დაუყოვნებლიც გააგზავნოს ისტორიული ბათუმის დაცის ზონის დოკუმენტი დასამტკიცებლად, რომელიც სპეციალისტებმა მოამზადეს. ამ დოკუმენტით, რივიერას ტერიტორია ისტორიულ განაშენანების ზონაში ხვდება. 

ბათუმის  მერიამ სპეციალსტების მიერ განსაზღვრული ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტიდან ერთხელ უკვე ამოიღო  რივიერას ტერიტორია,  თუმცა სახეცვლილი ვერსია დაუწუნეს დარგის სპეციალისტებმა და ლაშა კომახიძეს რეკომენდაცია მისცეს, სანაპირო ზოლი და რივიერა უკანვე დაებრუნებინა დოკუმენტში, რომელსაც დასამტკიცებლად გაუგზავნიდა.  

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი