''ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებენ თუ მთავრობა?'' - მოქალაქეები ''ალიანს სიტიზე'' და ლუჟკოვის სახლზე

29 მარტი 2019, 00:00 5102 ნახვა

გვაინტერესებს, ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებენ თუ მთავრობა და თვითმმართველობა

საინიციატივო ჯგუფის "დაიცავი ბათუმის" და საზოგადოება "ბათომის" წევრებმა, დღეს, 29 მარტს, ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ. დღესვე შეწყდეს ბათუმის ქაოსური განაშენიანება. 

მოქალაქეებმა  სანაპიროს პირველ ზოლში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად სამი ცათამბჯენის საკითხზე ისაუბრეს და მთავრობა კონკრეტული მშენებლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.  

"ხელისუფლებამ ძაღლის და ქარავნის რეჟიმიდან კორიდას რეჟიმზე გადაგვიყვანა და ყოველი მხრიდან წითელს გვიტრიალებენ. ის, რისთვისაც ვიბრძვით რივიერაზე - სივრცე და სანაპირო არ დაიფაროს, იგივე პრობლემა გაჩნდა ლუჟკოვის სახლის ადგილას. ზღვიდან 100 მეტრში აპირებენ 3 ცათამბჯენის აშენებას, ამისთვის საცხოვრებელ ზონას ეცვლება სტატუსი, რომ უფრო მაღალი ააშენონ. ითხოვენ კა-2 კოეფიციენტის გაზრდას. გვაინტერესებს, ამ ქალაქში სამშენებლო კომპანიები განაგებენ ქალაქს თუ ადგილობრივი მთავრობა და თვითმმართველობა? ირღვევა ბათუმის მოქალაქეების საჯარო ინტერესები. ერთი კონკრეტული ბიზნესმენის კერძო ინტერესის გამო, ლუჟკოვის სახლის ერთ პატარა მონაკვეთზე, ზონას უცვლიან სტატუსს, სწორედ ეს არის ქაოსური განაშენიანების საფუძველი. გლობალურად უნდა შეიცვალოს ურბანული პოლიტიკა ბათუმში, გამოსავალს სხვას ვერ ვხედავთ. როგორც ექიმი ვაცხადებ, უკვე დიდი ხანია სეზონურად იცვლება პათოლოგიების სიმძიმე და ნაირსახეობა. ვითხოვთ, ვიღაცამ აიღოს ამ საკითხზე პასუხისმგებლობა.

ჩვენი ხმა ხელისუფლებამ არ გაიგონა. ზონალური საბჭო, რომლის დაშლასაც და გაუქმებასაც ვითხოვთ, გაშვებული ჰყავთ რომში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენ კი პროტესტის რეჯიმში ვართ და ხელისუფლება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სხვადასხვა სახით უნდა ელოდოს უკმაყოფილო ბათუმელების პროტესტს. რადგანაც არავინ არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ავიღებთ, ,,მისი აღმატებულება“ ქართველი ხალხი," - განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ.

ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟი  სამშენებლო კომპანია "ალიანს სიტის" სურს, მის ნაცვლად კი 44-ი, 45-ი და 50 სართულიანი შენობები აგებას გეგმავს (150 მეტრიანი შენობა). ამ მასშტაბის მშენებლობის განხორციელებას კი კომპანია ვერ შეძლებს, თუ ბათუმის თვითმმართველობამ ზონას სტატუსი არ შეეცვალა.  "ალიანს გრუფს" ბათუმში რამდენიმე მსხვილი მიმდინარე პროექტი აქვს, მათ შორის 35 სართულიანი მრავალფუნქციური პროექტი დასრულდა, 54 სართულიანს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე აშენებს. ასევე, სურვილი აქვს, ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლის ნაცვლად 5 სართულიანი სასტუმრო ააგოს და ლუჟკოვის სახლი დაანგრიოს.  

ამ საკითხზე ისაუბრეს მოქალაქეებმა ღია წერილშიც, რომელიც პერმიერ მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ბათუმის მერის სახელზე გამოაქვეყნეს. 

" რა საჭიროა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, თუ ინვესტორის მოთხოვნისთანვე საკრებულო და მერია მუდმივად მზადყოფნაში არიან ​შეცვლონ დადგენილი ზონის სტატუსი? გვაინტერესებს, ამ შემთხვევაში, რა პასუხი გაქვთ სხვა ინვესტორებისთვის, რომელთაც თქვენი პოლიტიკით არათანაბარ გარემოში აყენებთ? ეს არის  სამართლიანი? თუ აშენებს „ალიანსი სითი“, რატომ ვერ ააშენებს სხვა ინვესტორი?

სამწუხაროდ, ეს კითხვა უკვე აქტუალურია და გვეკითხებიან აქტივისტებს. რეალურად კი კითხვის ადრესატები თქვენ ხართ, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე - რატომ არ მუშაობს ისედაც მყიფე კანონმდებლობა?

ახლად მონიშნულ სამშენებლო მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი, როგორც მოგეხსენებათ, კომპანია ''ალიანს სიტი''  უკვე ფლობს ერთ აშენებულ ცათამბჯენს, ხოლო მეორეს აშენებს.

მერია გვარწმუნებს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს „ალიანს სითის“ გრგ-ს დოკუმენტს და მერიაში წარადგინოს მოსაზრება. ჩვენი აზრით, ეს არის ფარსი.

ინვესტორი მიწის ნაკვეთსა და 9-სართულიან სახლში, წინმსწრებად იხდის 29 მილიონ 500 ათას ამერიკულ დოლარი ისე, რომ  დაანონსებული  ცათამბჯენების აშენების გარანტია მიღებული არ აქვს?! ბატონებო, ჩვენ არ ვართ ასეთი გულუბრყვილოები, რომ დავიჯეროთ ეს, არ ვაპირებთ ფასადური დემოკრატიის მონაწილეები გავხდეთ,'' - წერია ღია წერილში.       

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი