კერძო საბავშვო ბაღის „ჯადოსნური სამყარო“-ს თანამშრომლები და აღსაზრდელები შენობიდან სააღმსრულებლო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც სკოლამდელი დაწესებულება რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, ბათუმის მერიის საკუთრებაა. ალტერნატიული ფართის მოსაძებნად პედაგოგებმა დღეს დრო მოითხოვეს.
შენობაში, ბაღის გარდა რამდენიმე კერძო დაწესებულებაც ფუნქციონირებდა. ბათუმის მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, ობიექტი წლების წინ შპს „ახალგაზრდობას“ იჯარით ჰქონდა აღებული, რომელსაც ვადა გაუვიდა და სასამართლო დავები მათ სასარგებლოდ დასრულდა, რასაც მოიჯარე მხარე უარყოფს. ისინი დავას უზენაეს სასამართლოში განაგრძობენ.