რამდენიმე მიმდინარე გამოძიებაა და თუ იარსებებს კითხვები, ხელს არავის დავაფარებთ - დაახლოებით ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი კითხვაზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგამოძიებო მოკვლევას ეხება. საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ მოკვლევაზე, რასაც სუს-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
TV 25-მა გაავრცელა დღეს ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული სამსახური, ქობულეთში ქონების გასხვისების საქმეს სწავლობს. არსებული ინფორმაციით, უწყებამ დოკუმენტაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2 კვირის წინ გაიტანა.
საქმე ეხება „კრისტალ ბილდინგის“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთს. ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ ცინცაბაძე საუბრობს. ქობულეთის მერი ამბობს, რომ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ქობულეთის მერიაში კონკრეტული მოქმედებები არ განხორციელებულა და მერიის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.