გონიოსა და კვარიათის სანაპირო ზოლზე სეზონური კვების და გასართობი ობიექტების მეპატრონეებმა აქცია გამართეს. ისინი ობიექტების გახსნის უფლებას და ახალ ტენდერებში მონაწილეობას მოითხოვენ. ამბობენ, რომ ყოველწლიურად ტენდერში მონაწილეობდნენ, თუმცა ამჯერად მერიამ მათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც ნაგებობის დაშლას ითხოვს. აქციის მონაწილეებთან ერთად დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც იყვნენ, ისინი ეჭვობენ, რომ სანაპიროზე გასართობი ობიექტების განთავსებით ბერა ივანიშვილია დაინტერესებული.
ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ ადგილობრივებს კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ, თუმცა მანამდე ძველი, უნებართვო ნაგებობების დაშლა დაევალათ. მერიის ინფორმაციით, ამის შესახებ უწყებასა და ბუნგალოების მეპატრონეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ოპოზიცია საკითხს პოლიტიკური კუთხით უსაფუძვლოდ განიხილავს.