თუ გასაჩივრებული ნორმების მოქმედება შეჩერდა, საპენსიო რეფორმა ჩამოიშლება - ლევან სურგულაძე

07 მარტი 2019, 00:00 1405 ნახვა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებითად განხილვის დასრულებამდე გასაჩივრებული ნორმების მოქმედებას შეაჩერებს, საპენსიო რეფორმა ჩამოიშლება და პროექტის განხორციელებას საფრთხე შეექმნება. 

დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით ლევან სურგულაძის პოზიციას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამ წუთებში ისმენენ. მას მოწმის სტატუსით კითხავენ

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა სხდომაზე თქვა, რომ თუ რეფორმას საფრთხე შეექმნა, შედეგსაც ვერ მიიღებენ. რეფორმის მიზანი კი არის ქვეყანაში გაჩნდეს საინვესტიციო კაპიტალი.

სავალდებულო დაგროვებითი პენსიის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო. სარჩელის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და შპს თორაძე და პარტნიორები არიან.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს,  რომ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის  ნორმები, კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებებს ეწინააღმდეგება. ფიქრობენ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს, საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე, საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანი გააკეთოს.

სარჩელის ავტორები ითხოვენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული ნორმების მოქმედება შეჩერდეს. მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად სასამართლო, ამას პირველი კოლეგია გადაწყვეტს.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სიტემა პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში