ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ირაკლი ჩვხირკიასა და მერაბ ღოღობერიძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მეორე ინსტანციამ გადაწყვეტილების გამოცხადება რამდენჯერმე გადადო. მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავებოდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და ორივე პირი დამნაშავედ სცნო, არა მასობრივი არეულობის, არამედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. სწორედ ეს განაჩენი იყო გასაჩივრებული სააპელაციოში მხარეების მიერ. დაცვის მხარე მეორე ინსტანციის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
რას გადაწყვეტს ბრალდების მხარე ჯერ უცნობია. 11-12 მარტს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიწვა რამდენიმე ავტომობილი და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 21 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი არასრულწლოვანი. ბრალდებულიდან ლაშა დეკანაძე ერთადერთი იყო რომელიც უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.