რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაჭრილების სიცოცხლეს, ექიმების ინფორმაციით საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება, მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. გუშინ საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და კაცი ცივი იარაღით მუცლისა და ბარძაყის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების), 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის) და 239-ე (იარაღით ჩადენილი ხულიგნობის) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტში კიდევ 5 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ.