''შეიძლება რაღაც გამეპაროს და არასწორი გადაწყვეტილება მივიღო, ამიტომ არიან ზემდგომი ორგანოები'' - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

01 მარტი 2019, 00:00 2727 ნახვა

ბათუმის კონცხზე 6 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხი უკვე თვეებია აქტიურად განიხილება. მას შემდეგ, რაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფმა", რომელიც ამ ტერიტორიაზე 6 ჰექტარი მიწის მფლობელია, თითო  ჰექტარზე მაღლივი კორპუსის აშენება დააანონსა და საჯარო განხილვებიც მოაწყო. 6 მაღლივი კორპუსიდან,   4 საცხოვრებელი სახლი, ორი კი სასტუმრო კომპლექსი უნდა იყოს.  ყველაზე მაღალი ცათამბჯენი 130 მეტრი  იქნება.  ცათამჯენების გარდა, ტერიტორიაზე იახტკლუბიდან ხელოვნური ყურე უნდა გაკეთდეს, მოეწყოს კაფე-ბარები და მოსასვენებელი ადგილები. 

ძველი ბათუმის სანაპირო ზოლი, სადაც კომპანიას აღნიშნული პროექტის განხორციელება სურს, ქალაქის ისტორიული ზონის ნაწილია. 2016 წლიდან, საზოგადოება "ბათომი" და მოქალაქეები ამ ისტორიული ზონის დაცვის დამტკიცებას ითხოვენ. ზონის დამტკიცებას სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა სჭირდებოდა, რომელიც დაადგენდა  ისტორიული ნაწილის საზღვრებს. ასეთი კვლევა ბათუმისთვის ორგანიზაცია "გეოგრაფიკმა" მოამზადა და დოკუმენტის მიხედვით, რივიერას ტერიტორია ქალაქის ისტორიული ნაწილის შემადგენლობაში შეიყვანა.  პროექტი სპეციალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით რომ დამტკიცებულიყო, იქ ამ მასშტაბის და მოცულობის მშენებლობა ვერ დაიგეგმებოდა. 

2018 წელს ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ სპეციალისტების მიერ მომზადებული კვლევა შეცვალა და საზღვრებიდან რივიერას ტერიტორია ამოიღო. საკრებულომ კი ის შეითანხმა.  ზონის ამ ფორმით დამტკიცებას სპეცილისტებმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრებმა  მხარი არ დაუჭირეს. მერმა ამ გადაწყვეტილების მართებულობაში ვერ დაარწმუნა გადაწყვეტილების მიმღები პირები.

როგორ მოახერხა ლაშა კომახიძემ საკრებულოს უმრავლესობის და თავმჯდომარის დარწმუნება? ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა დასკვნა, რომ ზონების შეცვლა შეიძლებოდა, თუმცა რა დასკვნებზე საუბრობს, ვერ აკონკრეტებს. ამბობს, რომ არგუმენტები მას მერიისგან ახლა არ მოუთხოვია და ეს საკითხები ქალაქის მერთან მხოლოდ პირად საუბარში განიხილა.

გუშინ, "მთავართან" ინტერვიუში მან თქვა, რომ მას მოსწონს ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აგების იდეა და ფიქრობს, რომ ქალაქისთვის ის მომგებიანი იქნება.

თეონა ბაკურიძე - ბატონო სულიკო,  რატომ შეითანხმეთ ძველი ბათუმის სანაპიროზე რივიერას ტერიტორიის ამოღება ბათუმის ისტორიული ზონიდან?

სულიკო თებიძე - ჩვენთან როცა შემოდის საკითხი, იგი შესწავლილია და სპეციალისტებთან გავლილი. შესაბამისი დასკვნები და შეფასებები გაკეთებული.  

-  და საკრებულო როგორ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ აფასებს საკითხებს? 

- საკრებულო ეყრდნობა ექსპერტის დასკვნებს, შესაბამისად ჩვენ გვქონდა დასკვნა, რომ შეიძლებოდა ზონების შეცვლა. 

- და იცოდით, რომ ექსპერტების კვლევების საფუძველზე დადგენილი საზღვრებიდან იყო ამოღებული ტერიტორია? 

- ჩვენ გვქონდა დასკვნა, რომ შესაძლებელი იყო საზღვრების შეცვლა. ეს დასკვნა ჩვენ გვქონდა და... 

- რა დასკვნები გქონდათ, ვისი? 

- თან ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება. ამის შემდგომ, როცა ზონების გადაწყვეტილებაზე არის საუბარი, ზემდგომი ორგანო იხილავს. ახლა მაგალითად, როცა ძეგლის დადგმაზეა საკითხი, შეიძლება მე რაღაც გამეპაროს და არასწორი გადაწყვეტილება მივიღო, ამიტომ არის ზემდგომი ორგანოები...

- და ახლა ბატონო სულიკო, როცა ძალიან ბევრი ექსპერტი და სპეციალისტი ამბობს, რომ ისტორიული ზონიდან რივიერას (ძველი ბათუმის კონცხის) ამოღება იყო არასწორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს ხელმძღვანელიც იგივეს იმეორებს, "იკომოსი" და ა.შ.  საზოგადოება "ბათომი" დიდი ხანია იძახის, რომ ეს არასწორია და არგუმენტებს ითხოვს , რატომ ამოიღეს ეს ზონა სპეციალისტების დასკვნიდან. თქვენ თუ თხოვდით მერიას ამ არგუმენტებს? თქვენი გავლით წავიდა ეს დოკუმენტი სამინისტროში. 

- არა... 

- არ მოგითხოვიათ არგუმენტები? 

- არგუმენტები პირად საუბარში როგორ არა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ 

- საჯაროდ გეკითხებით ბატონო სულიკო? 

- საკრებულოს სხდომაზეც, როგორ არ გვქონდა არგუმენტები ჩვენ, გვქონდა არგუმენტები და ამაზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება. თუ უფრო მკაცრი შეფასებები ექნება მათ (სპეციალისტებს) და თუ უფრო ძლიერი სპეციალისტები დაასაბუთებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, არც ეს არის გასაკვირი. 

- ანუ, ახლა სპეციალისტების შენიშვნებზე თქვენ არგუმენტები მერიისთვის არ მოგითხოვიათ? 

- დავის პროცესი მიდის ახლა და ვნახოთ, როგორც მიიღებენ გადაწყვეტილებას, ის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. 

- რივიერას საკითხი მნიშვნელოვანი თემაა ქალაქისთვის, მეთანხმებით ხომ? ეს პროექტი, მნიშვნელოვნად შეუცვლის ქალაქს იერს. საჯარო სივრცეა და მოქალაქეები სწორედ ამაზე დავობენ და ამას აპროტესტებენ.

-   ეს, რომ მოხდეს და იმას რასაც ფიქრობენ ააშენონ რივიერაზე (იგულისხმება "სილქ როუდ ჯგუფის" 6 ცათამბჯენის მშენებლობა სანაპიროზე), ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება ბათუმის მომავლისთვის. ცათამბჯენები იყოს, მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი ბათუმისთვის უკეთესია.

- რატომ იქნება უკეთესი? 

- შერატონი რომ არ შემოსულიყო ან სხვა ბრენდები ამ ქალაქში, ბათუმს არ მოიხსენიებდნენ ამ დონის ტურისტულ ქალაქად.

 

 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში