''ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით - ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის'' - თორნიკე რიჟვაძე მოქალაქეების მიმართვაზე

21 თებერვალი 2019, 00:00 11671 ნახვა

ბათუმის მოქალაქეების - "დაიცავი ძველი ბათუმის" ღია წერილზე, სადაც ბათუმელები მერს სთხოვენ, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაცემული ისტორიული სახლების ნგრევის ნებართვას ხელი არ მოაწეროს, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თვითმმართველობაზე გავლენებში ადანაშაულებს, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს. 

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ღია წერილის შესახებ, რომელიც გუშინ ღამით გავრცელდა იცის, თუმცა შინაარსით არ დაინტერესებულა. 

"ზოგადად ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა შინაარსობრივი კონტექსტით არ დავინტერესებულვარ. ჯერჯერობით არ ვიცნობ ამ საკითხს. ყველა ის უწყება, რომელიც არის ერთიანი მოთხოვნების ქვეშ, რა თქმა უნდა კომპეტენციების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მათშორის თვითმმართველობა, მათ შორის ზონალური საბჭო და ყველა ის უწყება რომელიც ერთიან მმართველობაში შემოდის.

ამავე დროს, მე მოვუწოდებ (მოქალაქეებს ავტ.), რომ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ, სად ხდება კორპუსების ჩადგმა, სად არის საერთოდ ზოგადად ძეგლებთან დაკავშირებით არათანმიმდევრული ან უკანონო გადაწყვეტილება მიღებული.

ბუნებრივია, დავინტერესდები ამით, თუმცა რაც მაქვს ძეგლებთან  დაკავშირებით მოკვლეული, არც ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განსაკუთრებით კი ძეგლების ნგრევასთან დაკავშირებით. ყველანი ნახავთ, რომ წელს და მომდევნო წელსაც, მათ შორის კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის კუთხით  ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გატარებული და კიდევ უფრო მეტი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდება. 

ამავე დროს, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით - ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის და არ ვაპირებთ ამ ტიპის შემოტევების შედეგად გადაწყვეტილებები შევცვალოთ. ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

"დაიცავი ძველი ბათუმის" წევრების ღია წერილი ბათუმის მერს. 

18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება ⤵
''ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით - ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის'' - ვინ როგორ აღიქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი? 

 


 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში