ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათასი ლარის ღირებულების როიალის გამარტივებულ შესყიდვაზე უარს ამბობს. სახელოვნებო დაწესებულებას შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე სატენდერო პირობები რამდენიმე დღე გამოქვეყნებული ჰქონდა, სადაც ამ მარკის ინსტრუმენტის შესაძენად კონკრეტულ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის გაფორმების ნებართვას ითხოვდა.
გუშინ თეატრმა მოთხოვნა გააუქმა. ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ამბობს, რომ გამარტივებული შესყიდვის გამოთხოვის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით მიიღეს, რომელმაც ოთარ კალანდაძის თქმით მათ ურჩია რომ ყიდვის ნაცვლად როაილი ექირავებინათ, რაც უფრო იაფი იქნებოდა. თეატრის დირექტორის თქმით, მსგავსი ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა სპეციალისტების მოთხოვნა იყო, რაც თეატრს მაღალი დონის ფესტივალების ორგანიზებისთვის სჭირდებოდა. თეატრის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ზუსტად არ იციან გამარტივებული შესყიდვის გარეშე, სხვა ფორმით იყიდიან თუ არა როიალს.