ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ შენობაში უნებართვოდ შეჭრის გამო მას არ შეხვდებიან - ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
ამ წუთებში ზაზა სარალიძე პროკურატურასთან აქციას მართავს. პროკურატურის შენობას ნაწილს კი, რომლის ეზოდან სარალიძეს სამართალდამცველებმა იძულებით დაატოვებინეს ტერიტორია, პოლიციის კორდონი იცავს.
ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურორთან შეხვედრა სურს, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობისა და უშუალოდ პარლამენტთან (მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე) ინციდენტის შესახებ კითხვებს დაუსვამდა. შალვა თადუმაძის უწყებამ დაგეგმილი შეხვედრა ერთი კვირით, მომდევნო სამშაბათამდე გადადო, რასაც ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა.
‘’არანაერი პასუხი არ მიმიღია. სააპელაციო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს და მაინტერესებს რა ეტაპზეა, რას გეგმავენ და რა აქვთ ჩაფიქრებული. ასევე, ჩემს მიმართ არის გამოძიება დაწყებული და ამ კითხვებზე მინდოდა პასუხების მიღება. და არა მარტო ამ კითხვებზე. პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზეც ყველა ჩემს კითხვაზე პასუხის მიღება მინდოდა. დღეს პროკურორს აქ ველოდები, კეთილი ინებოს და შემხვდეს, თორე მერე რაც მოხდება მათ თავს დააბარალონ’’ - ამბობს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება შსს-ში მიმდინარეობს, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს.
მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია.
მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი 8 თებერვალსაა ჩანიშნული.
"ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი“, – უთხრეს პროკურატურაში პირველ არხს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტარ ლუნდარიძე, რომელიც ამავდროულად სარალიძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პროკურატურას სურს ზაზა სარალიძე მსჯავრდებულად აქციოს.