საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დიანა ფარქოსაძემ ეკონომიკის სამინისტროსა და პაპუაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბათუმში საცხოვრებელი სახლი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სიმბოლურ, 1000 ლარად გადაეცა, ბათილად არ ცნო. როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ხელშეკრულებას არაკეთილსინდისიერს უწოდებს. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია მოპასუხე მხარე, ეკონომიკის სამინისტროს და პაპუაშვილის წარმომადგენლები.