ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში კი გზის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით 2-კილომეტრიანი გზის ძირითადი ნაწილი წლებია დაზიანებულია, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნის ზამთრის პერიოდში.
მათივე ცნობით გზა ხშირად იმეწყრება, შესაბამისად დამცავი გაბიონების მოწყობაც აუცილებელია. ამბობენ, რომ ამ გზით ისინი საკარმიდამო-ნაკვეთებამდე მიდიან, ამასთან გზა ტურისტებსაც აკავშირებს კავიანის ციხესთან. როგორც გავარკვიეთ, აჭარის საგზაო დეპარტამენტი წელს გზის ნაწილზე, მხოლოდ რთულ მონაკვეთებზე აპირებს ბეტონის საფარის დაგებას, რაც შეეხება დამცავ გაბიონებს - გვითხრეს რომ ეს საკითხი ჯერ უნდა შეისწავლონ.