"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა და მხარი პარლამენტის თავმჯდომარეს დაუჭირა. ამასთან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იუსტიციის საბჭოს ობიექტური საფუძველი ჰქონდა დაჩქარებულად წარმოედგინა მოსამართლეების კანდიდატურები უვადოდ განმწესებისთვის, თუმცა ამ საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა მმართველ გუნდში, არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი...
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები“,-ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.